19.აგვისტო .2019 12:15

საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 52.6%-ია, ევროკავშირის კი - 24%

views 210
უკან

2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 20.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24%-ს შეადგენს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმპორტის მოცულობამ 1 280.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (12.6%-ით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8% შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.2%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2%-ით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 303.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.3%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3%-ია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 408.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7%-ით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.9% იყო.

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა