მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს - განცხადება

620f9902822d6
ინგა მურუსიძე
18.02.22 17:01
1201
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს. როგორც ფოსტის განცხადებაში აღნიშნულია, სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გთავაზობთ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებას:

„თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდის მეშვეობით. მოგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებ-გვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება. სავარაუდო კიბერდამნაშავეების მიერ შეთავაზებულ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება „საქართველოს ფოსტის“ მსგავსი ყალბი ვებ-გვერდები. ამგვარი ყალბი გვერდების მისამართები, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართთან www.gpost.ge.

მოგახსენებთ, რომ გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან და ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება. შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი”, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.