მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ინოვაციური ეკონომიკა ძალიან ახალგაზრდაა - ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - Payze

6379daf6f16a4
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 12:28
852
Payze-ს თანამდამფუძნებლის გეგა წურწუმიას შეფასებით, ქვეყნის ინოვაციური ეკონომიკა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „გლობალური ინოვაციების ინდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

წურწუმიას თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცალკეულად რაღაცები კეთდება, თუმცა მასშტაბური ძვრები არ არის.

„ინოვაციური ეკონომიკის კუთხით ძალიან საინტერესო ძვრები იყო. ბევრი კარგი კომპანია ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში. ინოვაციური ეკონომიკა ძალიან ახალგაზრდაა საქართველოში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ ის ფაქტი, რომ 74-ე ადგილზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ცალკეულად რაღაცები კეთდება, მაგრამ დიდი მუხტი ჯერ გასაჩენია ქვეყანაში.

წარმატება ტექნოლოგიურ სტარტაპებში სუფთა სტატისტიკის ამბავია, რაც ნიშნავს რომ 100 სტარტაპიდან შეიძლება ერთმა ძალიან მაგრად გაამართლოს. ჩვენთან კი 100 სტარტაპი ჯერ არ არის და უკვე ვხედავთ ძალიან კარგ მაგალითებს. პირველი იყო Pulsar AI-ის მაგალითი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ შეისყიდა, ასევე იყო Theneo, რომელმაც ვებსამიტზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ასეთი წარმატების მაგალითები რომ ბევრი იყოს, საჭიროა ამ სფეროში უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და ალბათობაც გაიზრდება, რომ საქართველო ამ ინდუსტრიულ რუკაზე უფრო მეტად გაჩნდეს“, - განაცხადა გეგა წურწუმიამ.

კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად, წურწუმიამ საკუთარი კომპანიის მაგალითი მოიყვანა.

„ამერიკაში მოხვედრამდე, მიგვიღეს ესტონეთში. ინვესტიციის მოსაპოვებლად ესტონეთში კომპანიის გახსნა დაგვჭირდა. მაშინ ახალი დაწყებული იყო პანდემია და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია მოქმედება. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის მოგვარება ონლაინ იყო შესაძლებელი. ე.წ. ელექტრონული ცხოვრების უფლება მოვიპოვე, კომპანიაც ელექტრონულად გავხსენით და ინვესტიციის მისაღებად ეს ბარიერი მოიხსნა. სწორედ ასეთი რაღაცები უნდა დავახვედროთ საქართველოშიც“, - განაცხადა გეგა წურწუმიამ.