04.იანვარი .2020 18:38

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სტალინის ვაგონს ძეგლის სტატუსი მიანიჭა

views 801
უკან

2019 წლის 26 დეკემბერს ამოქმედდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება, რომლითაც საბჭოთა კავშირის დიქტატორის, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, იოსებ სტალინის პირად ვაგონს, რომელიც გორში მისი სახელობის მუზეუმში არის განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (მოძრავი ძეგლის) სტატუსი მიენიჭა. 

იოსებ სტალინის ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ აქტში წერია: 

"კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).

გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე."


სხვადასხვა შეფასებით, საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ტერორს 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1.6 მილიონამდე ადამიანი.