მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელია - მინისტრი

614349ada3ab3
ინგა მურუსიძე
16.09.21 17:47
812
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ვაქცინაციის კამპანიის “მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მხარეებმა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. განიხილეს ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობაც. მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში სოფლის ექიმების როლი გამოჰყო.

ღონისძიებას 50-მდე სამედიცინო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობს. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

16 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%; სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%; 

მთავრობა გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.