მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მცოცავი ანექსია? - გზასაცდენილი სანიმუშო მოსწავლე

5f511f021bcdf
BM.GE
03.09.20 21:39
1244
საქართველო დიდი ხნის განმავლობაში არასტაბილურ კავკასიის რეგიონში სანიმუშო მოსწავლედ განიხილებოდა, მაგრამ ახლა მთავრობის მიერ გატარებული ზომები დასავლეთისკენ ქვეყნის სწრაფვას საფრთხეს უქმნის. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ინტერესი საქართველოს მიმართ ცივდება, ხოლო საერთაშორისო ყურადღება ბელარუსსა და კორონაკრიზისზეა ფოკუსირებული, რუსეთი ამ ყველაფერს საქართველოზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

საქართველო დიდი ხნის მანძილზე სტაბილურად ვითარდებოდა. 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ, ქვეყანამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - იმდენად დიდი, რომ არა მარტო ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნები, არამედ თავად ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოც კი უკან ჩამოიტოვა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსსა (Ease of Doing Business) და კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს უკეთესი პოზიციები უჭირავს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ლიეტუვას ან რუმინეთს. ასევე, პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო უსწრებს პოლონეთს, მალტასა და უნგრეთს. თორმეტი წლის წინ, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის ფონზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყანას ნატოს წევრობასაც დაჰპირდა.

ამავე პერიოდში, რუსეთთან კონფლიქტში მყოფი ქვეყანა ნატოსგან ე.წ. "გაძლიერებული შესაძლებლობების პროგრამას" (EOP), „Enhanced Opportunities Program“ (EOP) იღებს, რომელიც მას ნატოს მანევრებსა და თანამშრომლობის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს უზრდის და ალიანსის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას უმარტივებს. 2016 წლიდან ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას დებს , რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა საქართველოსთვის გაცილებით უფრო რეალისტური პერსპექტივა ხდება.

საქართველო სარგებლობს სტრატეგიული მდებარეობით

თუმცა, ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროგრესი არ ყოფილა ერთადერთი ფაქტორი, რამაც საქართველო კავკასიის რეგიონში სანიმუშო ქვეყნად აქცია. რუქაზე მარტივი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რამხელა სტრაგეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მდებარეობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის და რაც მთავარია, ციფრული აბრეშუმის გზისთვის.

ციფრული აბრეშუმის გზა მიზნად ისახავს უფრო სწრაფი, ეფექტური კავშირის შექმნას, რაც ქვეყანას მიმზიდველს გახდის , მაგალითად, Vodafone-ის, Google-ის ან Amazon-ისთვის. ამით ისარგებლებს საქართველოც და ევროპაც. ამის მიღწევა კი მხოლოდ შესაბამის სამართლებრივ და პოლიტიკურ პირობებში შეიძლება.

კორონას ჩრდილში მოსკოვი ძალებს იკრებს

მაგრამ სანიმუშო მოსწავლის იმიჯი ჩამოშლას იწყებს. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული არასახარბიელო ზომების გამო, ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო მეტად ემსგავსება პოტიომკინის სოფელს და ამით ევროპისკენ მიმავალ გზას სულ უფრო მეტად სცილდება.

პარალელურად, ზეწოლა იზრდება რუსეთის მხრიდან, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაწევის პროცესს აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა.

2019 წელს საქართველო რუსეთიდან წარმოებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა. სანამ ევროპა კორონას პანდემიის მოგერიებითა და ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებითაა დაკავებული, მოსკოვი შავი ზღვის რეგიონში ენერგოწყაროების მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო გზებზე ძალაუფლებას აფართოებს.

ინვესტორები მუდმივ შიშში არიან

შესაბამისად, ბოლო წლებში უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო ზომების სერია შემაშფოთებელია, რადგან საქართველოს ევროპასთან დაახლოებას საფრთხეს უქმნის.

აქ პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, კონტრაქტების დარღვევა და საერთაშორისო ინვესტიციების განდევნა ყველა სფეროდან -პორტებიდან, ნავთობიდან და გაზიდან თუ ციფრული გზიდან.

ამ ტრენდის პიკი ივლისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციას არეგულირებს და მთავრობას საშუალებას აძლევს, მინდობილობების საფუძველზე, საკუთარი მენეჯერები კომპანიებში შეაგზავნოს და ასე აკონტროლოს.

ეს ნაბიჯი დაგმეს, როგორც თავად კომპანიებმა, ისე სამოქალაქო საზოგადოების იმ ასოციაციებმაც, რომლებიც ქვეყანაში მედიის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

კოტექსტი ასეთია: 2019 წელს, NEQSOL Holding- მა - საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტორია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში - სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტმომსახურების პროვაიდერის, კავკასუს ონლაინის (Caucasus Online) 49%-იანი წილი შეისყიდა. დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის მიზანი იყო თანამედროვე ბოჭკოვანი ქსელის შექმნა, რომელიც, როგორც "ციფრული აბრეშუმის გზა", ევროპაში, კავკასიასა და შუა აღმოსავლეთში 1.8 მილიარდ ადამიანს ერთმანეთთან დააკავშირებდა. კომპანიამ მთავრობას თავისი გრძელვადიანი გეგმების შესახებ წინასწარ აცნობა და პასუხისმგებელი ორგანოებისა და მინისტრებისგან ნებართვაც მიიღო. თუმცა, მთავრობამ ახლახან, არასაკმარისი ინფორმაციის საბაბით, კომპანიის გასხვისებისა და ხელშეკრულების გაუქმებისათვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

ეს არ არის ცალკეული შემთხვევა

მსგავსი გზით ექსპროპრიაცია ამერიკული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კომპანია Frontera-ს2017 წელს შეეხო. ამერიკის ჩართულობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, ქვეყანა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საზღვაო გზის მნიშვნელოვან ნაწილად მალევე უნდა ექცია. თუმცა, შესაძლოა, სწორედ რუსეთის ზეწოლის გამო, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს პროექტიც შეწყდა.

შესაბამისად, დაზიანებულია საინვესტიციო კლიმატი და, სულ უფრო მეტად, ნდობა საქართველოს, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 42% -ით ნაკლები იყო. კორონავირუსის გამო, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. აშშ-ის მთავრობამ საქართველოს წლიური ფინანსური მხარდაჭერა დროებით 15%-ით შეუმცირა, სანამ ადგილზე სიტუაცია არ გაუმჯობესდება.

ინვესტიციები ევროკავშირიდან პოზიტიური რეფორმების საშუალებას იძლევა

თუკი საქართველო სწორი რეფორმების გზას გადაუხვევს და საკუთარ შიდა და გარე ინტერესებს დაშორდება, ეს მისთვის პოლიტიკურ და რაც მთავარია, უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს შექმნის. ამასთან, სრულიად შესაძლოა, რომ ციფრული კვანძი რუსეთზე ან თურქეთზე გავიდეს - ეს პერსპექტივა კი კონტრპროდუქტიული იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის.

საქართველოს ამ პრობლემის მოგვარების ორი გზა აქვს: მას შეუძლია გააგრძელოს ბოლო დროს არჩეული გეზი, სულ უფრო გამოეთიშოს დასავლეთისა და ევროკავშირის ინვესტიციებს და მოსკოვისთვის იოლ ნადავლად იქცეს ან შეიძლება შეცვალოს ეს ახალი რეგულაციები, საერთაშორისო ინვესტორებს ციფრულ და ეკონომიკის სექტორებში მეტი ინტერესი გაუჩინოს და ამით თავი დაიცვას რუსეთის გავლენებისგან.

ძლიერი საქართველო ევროკავშირის ინტერესებშია

ანალოგიურად, ევროპამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, შეაჩეროს რუსეთის გავლენა შავ ზღვაზე და საქართველოც და შედეგად, მთელი კავკასიის რეგიონიც თავისთან უფრო მჭიდროდ დააკავშიროს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პარტნიორობა და ქართველი ხალხის პროევროპული არჩევანი საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისთვის, რომ ბრიუსელმა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები დაიცვას.

ევროპული ფასეულობების ერთგული, ღია ეკონომიკის მქონე, ძლიერი საქართველოამ ცვალებად დროში, მხოლოდ ევროპის ინტერესებში შეიძლება იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბუფერული ქვეყანის პერსპექტივა ემუქრება. -

სტატიის ავტორი: ოლივერ როლოფსი არის მიუნხენის სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კონსულტაციების მმართველი პარტნიორი და ექსპერტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მრავალი წლის განმავლობაში ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.