მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მდგრადი განვითარების აუცილებელი ელემენტია

6369f84568c1f
BM.GE
09.11.22 10:15
449
საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მდგრადი განვითარების აუცილებელი ელემენტია, - ამის შესახებ IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე წერს, რომლის ბლოგს bm.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის სტრატეგიული მიზანია ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში სოციალურ, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებზე რეაგირება არასოდეს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

სამომავლოდ საჭიროა საჯარო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების მობილიზებას მწვანე, სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. სწორედ აქ შეუძლია საფინანსო სისტემას წამყვანი როლის შესრულება, რადგან მდგრადი განვითარება მდგრად დაფინანსებას მოითხოვს, რომელიც ევროკომისიის თანახმად, ორ აუცილებელ ამოცანას უკავშირდება. პირველი გულისხმობს მეტი დაფინანსების მიმართვას მდგრადი და ინკლუზიური ზრდისკენ საზოგადოების გრძელვადიანი საჭიროებების უზრუნველყოფით; ხოლო მეორე ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებაა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებით ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ტაქსონომიები, რომლებიც შესაბამისობაშია გლობალურ განსაზღვრებებთან ხელს უწყობს უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა თუკი ტაქსონომია ადგილობრივ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს, მაშინ მას შეუძლია ადგილობრივი ინსტიტუტები წაახალისოს და მათი საქმიანობა მდგრადი განვითარების მიზნებს მოარგოს. სწორედ ამ გადმოსახედიდან შეიმუშავა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია.

ეს ტაქსონომია მოიცავს როგორც მწვანე, ისე სოციალურ ასპექტებს, იძლევა სიცხადეს პროექტების, აქტივების და დარგების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იყოს სოციალურ, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებულ, და მდგრად პროექტებად, და ამით ხელს უწყობს მსოფლიოს მდგრადი ინვესტიციების მზარდ ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებას.

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ბუნებრივი პირობები კლიმატის ცვლილების მიმართს ქვეყნის განსაკუთრებულ მოწყვლადობას განაპირობებს. ბუნებრივი საფრთხეების ზრდა, მაგალითად ტემპერატურის მატება, მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს იწვევს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი და ჯანდაცვა. ეს ფაქტორები დამახასიათებელია საქართველოს მსგავსი მცირემასშტაბიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. ამიტომაც ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია.

ამიტომაც ეროვნული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ფინანსური ნაკადების სწორად მიმართვის თვალსაზრისით, ასევე ქართული ბაზრის თავისებურებებზე უკეთესად რეაგირების კუთხითაც. ეს კი, რა თქმა უნდა, ასევე ეხმიანება ქვეყნის მდგრადი განვითარების ზოგად დღის წესრიგს.

ტაქსონომია ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მორგებულია ადგილობრივ თავისებურებებს. ტაქსონომია შემუშავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO) და IFC-ს ხელშეწყობით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) პარტნიორობით. ასევე IFC-ის მხარდაჭერით 2019 წლის აპრილში შემუშავდა საქართველოს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი, რომელიც მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრით მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, მეტი კაპიტალის შემოდინებას მწვანე და სოციალურად ინკლუზიური ეკონომიკის მისაღწევად და მაღალი საბაზრო დისციპლინის უზრუნველსაყოფად, საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციებისთვის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ინფორმაციის გამჟღავნების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც SBFN-ის წევრი 2017 წლიდან და SBFN-ის მონაცემთა და გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მდგრადი დაფინანსების განვითარებაში. გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) რისკების მართვაში საფინანსო სექტორისთვის ხელის შეწყობის მიმართულებით და ახალი საინვესტიციო და საკრედიტო შესაძლებლობების გახსნაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და IFC-ის მხარდაჭერით, 2020 წელს დანერგა „ანგარიშგების და გამჟღავნების პრინციპები“. ეს პრინციპები კომერციული ბანკებისგან მოითხოვს ESG ანგარიშგებას და გამჟღავნებას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის თანახმად. ასევე IFC-ის მხარდაჭერით შემუშავდა კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც ბანკებისგან მოითხოვს სათანადო ყურადღებას ESG საკითხების მიმართ. გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ბანკებისთვის ESG რისკის მართვის გზამკვლევის შემუშავება. ასევე დაგეგმილია მწვანე, სოციალური და მდგრადი ჩარჩოს შემუშავება ობლიგაციების ემიტენტებისთვის.

საქართველოს „მწვანე“ მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პირველი „მწვანე“ ობლიგაციების ემისია ქვეყანაში, რომელიც განხორციელდა სს „საქართველოს კაპიტალის“ აფილირებული კომპანიის „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ მიერ. მოსალოდნელია, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს მწვანე ობლიგაციების და მდგრადი დაფინანსების სხვა ინსტრუმენტების შემდგომ ემისიას. აღნიშნული წაახალისებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რაც უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული გამოწვევების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებითაც.

იმ დროს, როდესაც მსოფლიო პანდემიის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს უმკლავდება, საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მეტ სიცხადეს უზრუნველყოფს, რაც სამომავლოდ უფრო სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.