მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მერძევეობის ასოციაციას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

5dd503e713f45
BM.GE
20.11.19 13:11
968
საქართველოს მერძევეობის ასოციაციას, რომელიც ინტენსიური ტიპის ფერმების გაერთიანებას წარმოადგენს, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ასოციაციის წევრებმა, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორის პოზიციაზე ლევან არქანია აირჩიეს.

ლევან არქანია 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა რედიქს ჯგუფის სოფლის მეურნეობის მიმართულების პროექტებს. მათ შორის, ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენდა ყველაზე მსხვილი ინტენსიური სარძეო ფერმა საქართველოში.

საქართველოს მერძევეობის ასოციაცია მიზნად ისახავს ისეთი პროდუქტების და სერვისების მიწოდებას არსებული და პოტენციური წევრებისათვის, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი ფერმები და გაზარდონ ხარისხიანი რძის წარმოება საქართველოში.

ლევან არქანიას თქმით, ასოციაციისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა შუამავლის ფუნქციის შესრულება ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რათა მოხდეს მერძევე ფერმერთა ინტერესების ლობირება სამთავრობო სტრუქტურების დონეზე. გარდა შუამავლის ფუნქციისა, ასოციაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული წევრი ფერმების გაძლიერებას, ასევე ახალი წევრების მოზიდვას, რისთვისაც დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

- რძის თვითღირებულების შემცირება თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების გზით;
- თანამედროვე ფერმისათვის ისეთი საჭირო მომსახურებების გაწევა, როგორიცაა ვეტერინარის, კვების სპეციალისტის და ლაბორატორიული შემოწმების მომსახურება;

- თანამედროვე ფერმის სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ფერმებში და ამ მიმართულებით ფერმერთა კონსულტირება

- ასოციაციის მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს წევრ ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო რეალიზაციას.

2020 წლის მარტში, ასოციაცია მასშტაბურ ღონისძიებას რძის კონგრესს აანონსებს, სადაც შეჯამდება 2019 წლის საქართველოს მერძევეობის სექტორი და ასოციაციის მუშაობის შედეგები. კონგრესი მერძევეობის სექტორის ყველა მსხვილ მოთამაშეს ერთად შეკრების საშუალებას მისცემს, რაც მნიშვნელოვანია დარგში მიმდინარე მოვლენების ანალიზისა და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისათვის.

დღეისათვის საქართველოს მერძევეობის ასოციაციაში ჯამში 22 სრული და ასოცირებული წევრია გაერთიანებული, მათ შორის არიან საქართველოში ყველაზე მსხვილი ინტენსიური ფერმები, რომლებიც აწარმოებენ მაღალხარისხიან რძეს თანამედროვე სტანდარტების დაცვით.