მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის ვადა გახანგრძლივდება - კანონპროექტი

6398849838d7a
ინგა მურუსიძე
13.12.22 18:22
2682
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საქმე ის არის, რომ არსებული კანონმდებლობით, საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, ცვლილებებით კი ის ორი წლით გახანგრძლივდა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული „გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად, რაც გააგრძელებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების ტენდენციას“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტია განხილვა დაჩქარებულად არის მოთხოვნილი. როგორც ავტორი განმარტავს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.