მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს - ღარიბაშვილი

636a5b0ca94a5
BM.GE
08.11.22 18:15
390
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, საქართველო აგრძელებს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები.

„ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება თავად კონფერენციას, ღარიბაშვილის თქმით, კლიმატის ცვლილება თაობის გამოწვევად იქცა და საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები.

„ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება.

ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება. გარდა ამისა, გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით, საქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს", - აღნიშნა პრემიერმა.