მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე აკეთებს განცხადებას

6075849dc8861
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 15:47
790
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახალი $500 მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე გააკეთა განაცხადი. სამინისტროს თანახმად, ახალი ვალდებულების შესახებ ინვესტორებთან ონლაინშეხვედრები 13 და 14 აპრილს გაიმართება.

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14 აპრილს გაიმართება ონლაინშეხვედრები (ე.წ. ნეთ-როუდ-შოუები) საერთაშორისო ინვესტორებთან.

აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება.  ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა სწორედ გუშინ იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.