01.ივნისი .2020 19:00

საქართველოს მთავრობა: ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაზე ვმუშაობთ

views 449
უკან

მიმდინარეობს მუშაობა ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაზე, - ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარეგინა.

ანგარიში ძირითადად 2019 წელს გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და წერია, რომ 2019 წლის დეკემბერში მომზადდა სექტორების შეფასების დოკუმენტი და განისაზღვრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრიორიტეტული სექტორები, შემუშავდა სსიპ − "აწარმოე საქართველოში" პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

„საანგარიშო პერიოდში პრიორიტეტული სექტორებიდან შესწავლილ იქნა 5,000-მდე კომპანია და შეირჩა 475 სამიზნე კომპანია, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს პროაქტიული კომუნიკაცია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ორგანიზება გაეწია 10 საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Acciona, Dubai Investments, PVH, Accenture, HCL, IBM, Dell Technologies და ა.შ. Bloomberg Media-სთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო საიმიჯო საინვესტიციო კამპანია − Pleasure Doing Business in Georgia. სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის კეთების ადგილმდებარეობის წარმოჩენა.

სარეკლამო კამპანიის მედიამიქსი მოიცავს სატელევიზიო, ინტერნეტ და ციფრულ რეკლამას Bloomberg-ის მედიაპლატფორმებზე. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 9 საინვესტიციო გზამკვლევი და საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც მოიცავს 70-მდე კერძო და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტს”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, იქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო სექტორული რეიტინგებისა და ციფრული პლატფორმების ორგანიზატორებთან. „აქტიური მუშაობის შედეგად, მარტში გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია საერთაშორისო მასშტაბით BPO სექტორის მოწინავე პლატფორმა SSON Analytics-ზე.

ასევე საქართველო დაემატა fDI Benchmark პლატფორმაზე, რომლის მეშვეობით პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ ქვეყნების შედარება სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით.

"ამასთან, კორონავირუსის პანდემია ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს, ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და მთელი რიგი საინვესტიციო უპირატესობების პირობებში, გააჩნია რეალური შანსი, პოსტკრიზისულ პერიოდში გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და მოიზიდოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ახალი შესაძლებლობების გაჩენა მოითხოვს არსებული საინვესტიციო სტრატეგიის ახლებურად გააზრებას. შესაბამისად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაზე“, - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა