მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა კორუფციის პრობლემის არსებობას საერთოდ არ აღიარებს - TI-ს რეკომენდაციები

61b1bdf684a0a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 13:50
706
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში კორუფციის კომპლექსური გამოვლინებები ფიქსირდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ აღიარებს და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ნებას არ გამოხატავს. TI-ში აცხადებენ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში კორუფციის დონე ქვეყანაში გაიზრდება.

„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო ერთ დროს აღიარებული იყო, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა. მაგალითად, მექრთამეობასთან – ე.წ. წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მოპოვებული მიღწევები დღესაც ნარჩუნდება, რაც ცალსახად მისასალმებელია. თუმცა, ამავე დროს, ქვეყანაში საგანგაშოდ ძლიერდება კორუფციის უფრო კომპლექსური გამოვლინებები, როგორიცაა, მაგალითად:

• მაღალი დონის კორუფცია – მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველ ჯგუფთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანების მონაწილეობა კორუფციული შინაარსის დარღვევებში; და

• სახელმწიფოს მიტაცება – მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები არა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე არიან ანგარიშვალდებული, არამედ გარეშე პირების კერძო ინტერესების სამსახურში დგანან.


ბოლო წლებში სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს კორუფციის ამ გამოვლინებებს. მეტიც, საქართველოს მთავრობა საერთოდ არ აღიარებს კორუფციის პრობლემის არსებობას და, შესაბამისად, არ არსებობს პოლიტიკური ნება ქმედითი ანტიკორუფციული რეფორმების გასატარებლად.

შედეგად, წინა წლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას არც 2021 წელს გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ასე გაგრძელების შემთხვევაში, კორუფციის დონის მატებას უნდა ველოდოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო დიდი ფინანსური ზარალი მიადგება ქვეყანას, სულ უფრო მეტად შეილახება ადამიანის უფლებები და სულ უფრო მეტი წინაღობა შეექმნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში“ კორუფციის დონის ზრდის პრევენციისთვის, რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა: „ვფიქრობთ, რომ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია და ამისთვის ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს კორუფციის გამოძიების ფუნქცია. შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღალი დონის კორუფციის გამოძიებასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე.
• უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა და მისი დაცულობა მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან.
• გადადგას რეალური ნაბიჯები სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის.

მაღალი დონის კორუფციის გამოწვევის დაძლევა საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის განმტკიცების და ევროპული ინტეგრაციის წარმატებით გაგრძელების აუცილებელი პირობაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს პრობლემის არსებობა და გამოავლინოს გაბედული რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება.

კორუფციის მოთოკვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებით მშენებლობის პროცესში. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ კორუფციის დონე სწორედ იმ ქვეყნებშია დაბალი, სადაც დემოკრატიის დონე მაღალია – სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ დააბალანსონ და გააწონასწორონ ნებისმიერი რომელიმე ჯგუფის სურვილი, გამოიყენოს ძალაუფლება ქვეყნისა და მოქალაქეების ხარჯზე პირადი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნავენ TI-ში.