მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ 112-ის მოსაკრებელი გააორმაგა და აბონენტზე 40 თეთრამდე გაზარდა

5e0a1b6c85c76
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.19 19:45
1752
დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ძალაში 2019 წლის 31 დეკემბერს შევა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული აბონენტები 112-ის საფასურის სახით, თვეში 40 თეთრს გადაიხდიან. ეს ფიზიკური პირების შემთხვევაში ორჯერ მეტია იმ მოსაკრებელზე (20 თეთრზე), რომელიც ამჟამად არის გათვალისწინებული. იურიდიული პირებისთვის კი ახალი ტარიფი, მათთვის დღეს მოქმედ 50 თეთრთან შედარებით, 10 თეთრით ნაკლებია. 

მთავრობის დადგენილებაში წერია:

"მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი).

2. საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს:

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით);

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

3. საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც:

ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;

ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა,"- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2019 წლის 5 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს მეორე კოლეგიამ იურისტ ლევან ალაფიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე (სარჩელი 1279) მიიღო. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა, „რათა სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისთვის“.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო,"- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. 

რაც შეეხება დღეს მიღებული დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხს, იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ის მას დეტალურად შეისწავლის. 

"ახლადმიღებულ კანონსაც და დადგენილებასაც შევისწავლით როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ასევე კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად მკაფიოდ მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული სერვისისთვის გადაიხდევინება მოსაკრებელი. კონსტიტუციით პარლამენტს სწორედ და მხოლოდ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ორივე მათგანის მიმღები ბიუჯეტია. კონსტიტუციით სახელმწიფოს, სხვა გადასახდელის, რომელიც ბიუჯეტში არ მიემართება, დაწესების უფლება არ აქვს. სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი და მთავრობა საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობენ მოირგონ კონსტიტუცია. 112-ის საფასურის გარდა, კიდევ აქვს პარლამენტს მიღებული ასეთივე გადაწყვეტილება თბილისში ტაქსებთან მიმართებაში. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში პირდაპირ ასეთი რამ ჩაწერეს: ტაქსის ნებართვის მიღებისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. თუმცა იქვე, იმავე პუნქტში ჩაწერეს, რომ ნებართვის მისაღებად მძღოლი იხდის საფასურსო. სამწუხაროა, რომ ჩვენი პარლამენტარები საუბრობენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, სამართლიანი სახელმწიფოსა და კანონიერების პრინციპებზე, თუმცა საქმით საპირისპიროს აკეთებენ. პარლამენტი იქცა არათუ მთავრობის, არამედ მუნიციპალიტეტის ქვემდებარე, შემსრულებლად", - BMG-სთან საუაბარში ამბობს ლევან ალაფიშვილი. 

საკითხის კონსტიტუციურობასთან მიმართებით, BMG-იმ შეფასების განმარტება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვა, სადაც დღეს მიღებულ დადგენილებას ამგვარად აღწერენ:

"სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის ცვლილება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონით განისაზღვრა მომსახურების საფასურის ზედა და ქვედა ზღვარი, კერძოდ, 0.20 ლარიდან 0.50 ლარამდე საფასური. ზუსტი ოდენობა, კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში კი დადგინდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კერძოდ, 2019 წლის 30 დეკემბერს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თანაბარი საფასური - 40 თეთრის ოდენობით.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებული საფასურის დადგენა. 2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რეგულაციით „112“-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირისთვის განისაზღვრებოდა 0.20 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის – 0.50 ლარის ოდენობით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული დიფერენცირება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არღვევს თანასწორობის პრინციპს, რამდენადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „112“-ის მომსახურების მიღებაზე აქვთ თანაბარი ინტერესი,"- ნათქვამია შსს-ს განმარტებაში.