მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ დღეს 90 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

5f7c41a614125
თელარა გელანტია
06.10.20 14:05
1447
დღეს საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან 90 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალი აიღო. ვალის აღება სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მოხდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 50 415 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.059 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2- წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში სამი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ თითქმის ორჯერ მეტი - 113 820 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.168 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ცნობისთვის: სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.