მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება - ADB

6335a50d681f4
მარიამ ვარადაშვილი
29.09.22 17:55
637
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობის და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორი ლიაზიზა საბიროვა აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაციის ზრდა ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებასაც უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ბანკმა სექტემბერში საქართველოს ინფლაციის პროგნოზი 11%-მდე გაზარდა, აპრილის პროგნოზით საქართველოში 2022 წელს წლიური ინფლაცია 7% უნდა ყოფილიყო.

“ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება სამხრეთ კავკასიაში თუ ცენტრალურ აზიაში გაიზარდა. ცოტა ნაადრევია იმის თქმა, ზუსტად რა გავლენა ექნება ამას რიცხვებში, თუმცა ნამდვილად ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და საქართველოში მიგრანტების გამო პოზიტიურ ეფექტს. ახლახან გამოვაქვეყნეთ აზიის განვითარების შესახებ განახლებული პროგნოზები, სადაც მნიშვნელოვნად, 7%-მდე გავზარდეთ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაძლოა ეს იყოს ერთჯერადი ეფექტი და ის მეტწილად დაკავშირებულია რა მოხდება რუსეთის ეკონომიკაში. ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ინფლაციური ზეწოლა, რაც დაკავშირებულია საცხოვრებლის, ქირისა და სერვისების ფასების ზრდასთან. მეორე მხრივ, ვხედავთ ტურისტების საკმაოდ დიდ შემოდინებას. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს და მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ნაწილში საქართველო პრეპანდემიურ პერიოდს ჯერ არ დაბრუნებია”,-აცხადებს ლიაზიზა საბიროვა.

BMG-ის კითხვაზე, მიგრანტების დადებითი ეფექტი რამდენ ხანს გაგრძელდება იმ ფონზე, როცა მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის პროცესში შევიდეს და ამასთან, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ ეფექტის ამოწურვის შემდეგ მაღალი ეკონომიკური ზრდა რომ შეინარჩუნოს.

“თქვენ ახსენეთ რუსეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ამ წლის პირველ 6 თვეში 70%-ით გაიზარდა, რაც ნამდვილად დიდი რიცხვია. ამას საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არის თუ არა ერთჯერადი ფაქტორი? -  ვისურვებდით, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგვეძლოს. როგორც ეკონომისტები ვუყურებთ მონაცემებს, რიცხვებს, მათ შორის ვაკვირდებით ისეთ მაჩვენებლებსაც, რომლებიც დროში სწრაფად არ იცვლება - ასეთია ბიზნესის განწყობა ეკონომიკაში; გაურკვევლობა და სხვა. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ბიზნესის გადაწყვეტილებებზე. განვაახლეთ ინფლაციის მაჩვენებელი, რადგან როგორც ვახსენე ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს ოჯახების რეალურ შემოსავალზე.

აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში მუშაობდნენ, დაბრუნდებიან საქართველოში, მაშინ მოველით, რომ ფულადი გზავნილები შემცირდება. ეს გავლენას ასევე იქონიებს ვალუტის გაცვლით კურსზე და ა.შ. კითხვის მეორე ნაწილში სწორად აღნიშნეთ - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? როგორც ეკონომისტები, ყოველთვის ვცდილობთ მთავრობას ვურჩიოთ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება. მიგრაცია დროებითი მოვლენაა და ნამდვილად არ ველი, რომ ეს ბევრი წელი გაგრძელდება. მთავრობა ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. საქართველო ძალიან კარგად მოიქცა, როცა ბიზნესისთვის ლიბერალური რეფორმები გაატარა, ასევე საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვანია. თუ მთავრობა შეინარჩუნებს ამ გარემოს, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ანტერპრენერებს ხელს შეუწყობს - ეს მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეგინარჩუნებთ”,-აცხადებს ADB-ის წარმომადგენელი.