მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობას საწვავის შეძენა გაუიაფდა

62e92c6c363fe
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.22 18:14
12017

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ივლისის განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $1,122 დოლარი, რაც მაისის ფასთან - 1,360 დოლართან შედარებით 16.6%-ით ნაკლები იყო.

თუმცა საწვავის გაიაფება 16.6% არ ყოფილა, რადგანაც ივლისში ლარის გაცვილითი კურსი გამყარდა. დოლარის საშუალო ფასი წინა თვეში 2.8470 ლარი ღირდა. ეს ივლისის საშუალო კურსთან შედარებით 3.6%-ით ნაკლები იყო. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობისთვის შესასყიდი საწვავის ფასი დაახლოებით 17.45%-ით შემცირდა.

აგვისტოში მთავრობის მიერ შესასყიდი ფასი ასე ნაწილდება:

• რეგულარი - ივლისის ფასი მთავრობისთვის 4.24 ლარი, აგვისტოს ფასი 3.50 ლარი, კლება 17.45%;
• პრემიუმი - ივლისის ფასი მთავრობისთვის 4.25 ლარი, აგვისტოს ფასი 3.51 ლარი, კლება 17.45%;
• სუპერი - ივლისის ფასი მთავრობისთვის 4.57 ლარი, აგვისტოს ფასი 3.81 ლარი, კლება 17.45%.

საგულისხმოა ფაქტი, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი 114 დოლარიდან 98 დოლარამდე შემცირდა. ფასების ეს კლება ქართველი მომხმარებლებისთვის ჯერჯერობით სრულად არ ასახულა, რის გამოც ამჟამად სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასი სამომხმარებლო ფასზე დაბალია.

ამჟამად რეგულარის ღირებულება ძირითად საცალო ქსელებში 3.75-3.80 ლარის ფარგლებშია, პრემიუმი - 3.99-4.19 ლარის ფარგლებში, სუპერი კი - 4.25-4.29 ლარის ფარგლებში ღირს.