14.ივლისი .2020 10:30

საქართველოს ოთხი წამყვანი საარბიტრაჟო დაწესებულება არბიტრთა ასოციაციის ეთიკის სტანდარტებს უერთდება

views 575
უკან

2020 წლის 13 ივლისს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ინსტიტუტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი წესების შესაბამისად წარმართულ საარბიტრაჟო წარმოებებზე გავრცელდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის არბიტრთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად დადგენილი სტანდარტები.

მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), დავების განმხილველი ცენტრი (DRC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი.

არბიტრთა ეთიკისკოდექსი საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ 2014 წელს მიიღო. 2018 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მას აღსრულების მექანიზმიც დაემატა - დაფუძნდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისია და დებულება არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ.

კოდექსი განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს არბიტრებისთვის და ადგენს არბიტრთა ვალდებულებას უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა, შეინარჩუნონ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, გაამჟღავნონ ნებისმიერი ინტერესი ან ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს მხარეებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან კომუნიკაციის წესებს და მოუწოდებს არბიტრებს თავიდან აიცილონ გაუმართლებელი ხარჯები. კოდექსის დარღვევას მოჰყვება დისციპლინარული წარმოება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში და შესაძლო სანქციები: კონფიდენციალური რეკომენდაციიდან ასოციაციის წევრობიდან გარიცხვამდე.

ეთიკის კოდექსის დაცვა აქამდე სავალდებულო იყო მხოლოდ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრებისთვის. მემორანდუმის ხელმოწერა ოთხი წამყვანი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ საგრძნობლად აფართოებს მის მოქმედებას და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიას არაწევრი არბიტრების მიერ წარმოებული შემთხვევებიც განიხილოს.

„დამოუკიდებელი და სანდო საარბიტრაჟო პროცესის არსებობა არსებითია კომერციული დავების ეფექტიანად გადაწყვეტისთვის, რაც ხელს უწყობს ხელშეკრულებების სწრაფად აღსრულებას, ფულადი სახსრების ბრუნვას ბაზარზე და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფიო ტყემალაძემ. „დღეს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ცენტრებმა აიღეს ვალდებულება ეთიკის კოდექსი გაავრცელონ მათი ადმინისტრირებით წარმართულ საარბიტრაჟო პროცესებზე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია არბიტრაჟში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებისა და, არბიტრაჟისადმი ბიზნესის ნდობის გამყარებისთვის.“

„არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარება მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. „ეთიკის კოდექსი არბიტრების სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც მათ ნეიტრალურობას, მიუკერძოებლობას და შესაბამისი პროცედურების დაცვას უზრუნველყოფს“.

„მივესალმებით საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრების გადაწყვეტილებას ეთიკის სტანდარტების დაცვის შესახებ. ეთიკის კოდექსი გაზრდის არბიტრთა პროფესიონალიზმს და საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“ - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრების მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.
NS



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა