მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში დაამტკიცა

5f119e093c3fd
BM.GE
17.07.20 16:45
663
საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, 88 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ანგარიშში ასევე მოცემულია ეროვნული ბანკის შეფასება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. "გამოწვევებით სავსე გასულ წელს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ყოველთვის იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ვითარების შესაბამისი იყო. 2019 წლის ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. შესაბამისად, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება და სექტემბრის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. მთლიანობაში, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 6.5-დან 9.0 პროცენტამდე გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ეკონომიკაზე გადაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი სწორედ გაცვლით კურსს უკავშირდება. ფინანსურ ბაზრებზე ლარის საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და, შედეგად, ლარის აქტივებზე მოთხოვნის მატება დადებითად აისახა სავალუტო ბაზარზეც და გაცვლით კურსზე ზეწოლა შეამცირა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 2019 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. "ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა. რაც შეეხება დაკრედიტების დინამიკას, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, სესხების ზრდის ტემპი მდგრად დონეს დაუბრუნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მაღალი ზრდის ტემპების ხარჯზე, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ მის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის ყოველწლიურად გამოცემა განაახლა. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის განახლებული ვერსია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ანგარიში მომავალზე ორიენტირებულ მაკროფინანსურ ანალიზზეა დაფუძნებული და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.

"ზოგადად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ რიგგარეშე სესიაზე დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტს და პირადად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
NS