მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

5d11260640e7f
თელარა გელანტია
24.06.19 23:34
5212
საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

პირველი არხის თანამშრომლები შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული თუ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანების მიერ გაკეთებული მოწოდებების გამო, რასაც ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ.

სხვა დროს ამგვარი განცხადებები დარჩებოდა ჩვეულებრივ უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებად, რომელიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ არსებულ დაძაბულ ნერვულ ფონზე საზოგადოებაში, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ საკითხის მორალურ მხარეს – სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით მანიპულირება და მათი წაქეზება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ღირსეულ საქციელად.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ეგზალტირებულ თუ პოლიტიკური ინტერესების მქონე მოქალაქეს, ნუ ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას, სხვისი უფლებების შელახვის ხარჯზე.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ნიკოლოზ ვაშაკიძისა და გოგი გვახარიას მოწოდებები საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით.


კერძოდ, ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც 2000-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, რომ „ახლა არის საუკეთესო მომენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის“.

ასეთივე მოწოდებას აკეთებს კინომცოდნე, გოგი გვახარია, რომელმაც ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტზე დაწერა: „საზმაუწყებელთან რატომ არ მიდიხართ? ხომ იცი, ყველა ხელისუფლება მანდედან იცვლებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.