მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პორტებში გაერთიანებული სისტემის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

62a0aa8e60f63
BM.GE
08.06.22 18:53
958
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, EBRD-ის და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა.

პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს.

PCS კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს გაციფრულების ეტაპს, რაც გულისხმობს მინიმალური ფუნქციებიდან დაწყებას და წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების პაკეტების ეტაპობრივად დამატებას.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები, მათ შორის PCS სისტემასთან გაერთიანება, მნიშვნელოვანია მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჰარმონიზაციისთვის.

„საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკური პროცესების გაციფროვნება და მართვა საკვანძო როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო ჰაბების ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესში. კარგად გვესმის, რომ არსებულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ე.წ. შუა კორიდორის და შესაბამისად, საქართველოს მომავალზეც. ჰარმონიზაცია, ინოვაცია, გაციფროვნება და მწვანე გადაზიდვის ხელშეწყობა - ეს არის იმ წარმატების გასაღები, სადაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურ-გერმანულმა კონსორციუმმა გააანალიზა ის სარგებელი, რასაც საქართველო პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების შემდგომ მიიღებს. კონტრაქტორმა შეისწავლა ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები და შეიმუშავა საქართველოში PCS-ის დანერგვის სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები.

კვლევის შედეგების თანახმად, პორტების გაერთიანებული სისტემასთან ქართული ნავსადგურების გაერთიანება გააუმჯობესებს პორტებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ასევე უწყებათაშორის კოორდინაციას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიულ ტვირთს.