მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრიორიტეტია შეინარჩუნოს მუშაობა ორ მნიშვნელოვან "ფრონტზე" - IMF-ის რეკომენდაცია

60734561b7de2
თამთა ჯიჯავაძე
11.04.21 22:48
923
"საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა, რადგან კორონავირუსის შოკი დიდი იყო", - ამის შესახებ IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ჯიჰად აზურმა განაცხადა.

ცნობისთვის, IMF 2021 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებით საქართველოს ვალის 63.8%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს.

ჯიჰად აზურის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, აქ ტურიზმი მნიშვნელოვანი სექტორია. ამიტომაც ნორმალურია, რომ ეს კრიზისი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ვითარებაზე.

„საქართველოს მთავრობამ 2020-ში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის კუთხითაც, თუმცა, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. მათ არაერთი ფისკალური ზომა წარადგინეს და ფინანსური ზომები მიიღეს. ცენტრალურმა ბანკმა გონივრულად გამოიყენა გაცვლითი კურსის მოქნილობა, რათა შეემცირებინა საქართველოს ეკონომიკაზე შოკის გავლენა. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ვალის გაზრდა. თუმცა, მიუხედავად ვალის ზრდისა, საქართველოს ვალის მოცულობა კვლავ სტაბილურია. როგორც იცით, საქართველომ დაასრულა არსებული პროგრამის გადახედვა, რომელმაც საქართველოს მისცა შესაძლებლობა კრიზისში დამატებით ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის საჭიროებებს უპასუხოს.

საქართველოს პრიორიტეტები არის შეინარჩუნოს მუშაობა ორ მნიშვნელოვან, მე ასე ვიტყოდი, ფრონტზე. შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეს მოითხოვს შენარჩუნდეს ის, რაც საქართველომ უკვე დაიწყო ფისკალური კუთხით შემოსავლების წყაროების გაფართოების თვალსაზრისით. ასევე, ხელახლა მოახდინოს დანახარჯების პრიორიტეტიზება, რათა კაპიტალის დანახარჯებს მისცეს დამატებითი სივრცე და ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც დაეხმარება ზრდის აღდგენას“, - განაცხადა აზურმა.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ზომებმა, რაც საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა წარადგინა გაცვლითი კურსის მართვის კუთხით, შეამცირა ეკონომიკაზე გარე შოკების გავლენა:

„მნიშვნელოვანია შენარჩუნებულ იქნეს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე. ეს საქართველოს სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ორ პრიორიტეტზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ეკონომიკის დაზარალებულ მიმართულებებზე ზრუნვა. და ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების დახმარება, როგორიცაა ტურიზმი, ხოლო მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს მომავლის სექტორებში ინვესტირება. „ტექნოლოგიები, აღდგენა, რაც ეკონომიკის გამწვანებაზეა დაფუძნებული, საქართველოს შესაძლებლობებია იაროს წინ“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ბოლო ელემენტი, რაც საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება, არის ევროკავშირთან კავშირების გაძლიერება, ასევე მეზობელ ქვეყნებთანაც.

ცნობისთვის, IMF-ი 2021 წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 3.5%-მდე ამცირებს, ხოლო 2022 წელს 5.8%-იან ეკონომიკური ზრდას პროგნოზირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდა. აღნიშნულის ფონზე ოპტიმისტურ სცენარს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში პროგნოზირებულ 4.3%-იანი ეკონომიკურ ზრდას არ ცვლის.