02.მარტი .2020 11:32

საქართველოს რესტორნებში ფასები საშუალოდ 8.7%-ით გაიზარდა

views 518
უკან

2020 წლის თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში ფასები წლიურ ჭრილში 8.7%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

საქსტატი რესტორნების და კაფეების ფასებს რამდენიმე ქვეკატეგორიის მეშვეობით ითვლის. თითოეულ მათგანში ფასების ცვლილება ასეთია:

  • სადილი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 11.19%; 
  • ყავა კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 7.29%; 
  • ხაჭაპური კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 9.99%; 
  • ლუდი ბარში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 2.81%; 
  • ხინკალი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13.11%. 

რესტორნებსა და კაფეებში კვების ღირებულების გაძვირების მთავარი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, სურსათის ფასების მატებაა. 2020 წლის თებერვალში ძირითადი საკვები პროდუქტების ღირებულება 12.7%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად კი, ამ ჯგუფში ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი). შესაბამისად, ინგრედიენტების გაძვირებამ სარესტორნო სერვისის გაძვირებაც გამოიწვია. 

2019 წლის თებერვალში ინფლაციის წლიურმა დონემ 6.4% შეადგინა.