მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა: მზად ვართ, აუდიტის სამსახურს ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ

60ca2504d72d1
თამთა ჯიჯავაძე
16.06.21 20:24
928
"მზად ვართ, აუდიტის სამსახურს ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ", - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აუდიტის შესვლის საკითხს ეხებოდა.

საქართველოს რკინიგზა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით და განმარტებას აკეთებს:

"საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი "აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები. მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია, როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში. საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში".

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის წარდგენისას, გენერალურ აუდიტორ ირაკლი მექვაბიშვილს სახელმწიფო საწარმოების აუდიტის შესახებ არსებულ პრაქტიკაზე კითხვა "საქართველოს რკინიგზის" მაგალითზე დაუსვა.

„სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკისთვის დიდი თავის ტკივილია. საქართველოს რკინიგზაში ხომ არ ყოფილხართ აუდიტზე შესული ან რამე ხომ არ გაგიკეთებიათ? არ გიშვებდნენ თუ?“ - იკითხა დეპუტატმა, რაზეც ირაკლი მექვაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზას" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამართლებრივი დავა ჰქონდათ.

„რკინიგზა თვლიდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება, შეამოწმოს ეს ორგანიზაცია და გვქონდა სასამართლო პროცესი“, - თქვა გენერალურმა აუდიტორმა.

ირაკლი მექვაბიშვილის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო აუდიტის არშეშვების მიზეზად დიდი ოთხეულის - „დელოიტის“, „ერნსტ ენდ იანგის“, „კეიფიემჯისა“ და „ფრაის ვოთერ-კუპერსის“ მიერ მისი შემოწმება მოჰყავდა არგუმენტად და მსგავსი ვითარება იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაშიც, თუმცა ეს საკითხი სამართლებრივი გზით მოგვარდა.