მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რუსული გაზის იმპორტის რუბლში გადახდაზე მოთხოვნა არ მიუღია - GOGC

62596980ba44f
BM.GE
15.04.22 18:00
1427
საქართველო ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანიდან იღებს, თუმცა უკანასკნელ წლებში რუსული გაზის შესყიდვები მატულობს. თუკი 2020 წელს საქართველომ 37 მილიონი დოლარის რუსული გაზი შეიძინა და ეს იმპორტის 12% იყო, 2021 წელს რუსული გაზის შესყიდვები 70.8 მილიონ დოლარამდე, ანუ იმპორტის 22%-მდე გაიზარდა.

2022 წლის პირველ ორ თვეში კი საქართველომ $116 მილიონის ბუნებრივი აირი შეიძინა, საიდანაც $99 მილიონი აზერბაიჯანული, 17 მილიონი კი რუსული იყო.

BMG-იმ რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებული კითხვით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ საქართველოს რუსული მხარისგან არ მიუღია მოთხოვნა, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვის კონტრაქტის ვალუტად რუბლი დაფიქსირდეს.

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოსახლეობისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილი გაზი შეღავათიანი ტარიფით შემოდის.

აზერბაიჯანთან ერთად საქართველო რუსული გაზის შესყიდვებსაც ახორციელებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია.