მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi შემოდის

60cc8505dae78
BM.GE
18.06.21 15:33
545
არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ფრენები აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე განხორციელდება, რაც ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით შესრულდება:

• აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი - კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მიენიჭა.

Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

„ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოხარულები ვართ, რომ 1 ივლისიდან ახალი მიმართულება გვემატება. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, ავიაბაზარზე უკვე შემოვიდა ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.