მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს

6360ed6964900
BM.GE
01.11.22 13:55
390
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და IFC-მ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ასევე, საბანკო ასოციაცია მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა.

2022 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა და მერი პორტერ პერშკამ, IFC-ს მდგრადი განვითარებისა და გენდერის მიმართულების დირექტორმა, ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რათა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საბანკო სექტორში მდგრადი ფინანსების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების (ESG) დანერგვის მიმართულებით. დღეს საქართველოს საბანკო ასოციაცია, ასევე, IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა.

საქართველოს საბანკო ასოციაცია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს აერთიანებს. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს საბანკო სექტორის მდგრად განვითარებას და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელი (SBFN) მდგრადი დაფინანსების შესახებ ცოდნის გაზიარების და შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საფინანსო სექტორის მარეგულირებლებს და სექტორულ ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის საქმიანობის მხარდაჭერას IFC ახორციელებს. ქსელი საკუთარ წევრებს როგორც ინფორმაციის და რესურსების მობილიზებას, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერას სთავაზობს; რათა მათ ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ დონეზე მდგრადი ფინანსების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

“ამ ეტაპზე, როცა მდგრადი ფინანსების მიმართულებით ქვეყანაში უკვე შექმნილია საკანონმდებლო გარემო, საქართველო აღსრულების ფაზაზე გადავიდა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლაა ბევრი რამ გასაკეთებელი ცნობიერების გაზრდის, ბაზრის მოთამაშეების შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მიმართულებით. ჩვენ სიხარულით ვუერთდებით SFBN-ს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მდგრადი ფინანსების განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ”, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

მარი პორტერ პერშკამ, IFC მდგრადობის და გენდერის მიმართულების დირექტორმა განაცხადა: „IFC მიესალმება საქართველოს საბანკო ასოციაციის SBFN-ში გაწევრიანებას და ასოციაციის მტკიცე ნებას ქმედითი როლი შეასრულოს საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებაში. გვჯერა, რომ საბანკო ასოციაცია, როგორც სექტორის გამაერთიანებელი პლატფორმა, ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკებში ცნობიერების გაზრდას იმის თაობაზე, თუ რამდენად კრიტიკული ბერკეტია მდგრადი დაფინანსება კლიმატის ცვლილებების და სხვა საკვანძო გამოწვევებზე რეაგირებისთვის.“

ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის დაწყება, ერთის მხრივ, ქვეყანაში მდგრადი ფინანსების განვითარების და მეორეს მხრივ ქვეყნის საერთაშორისო მდგრად საფინანსო და საბანკო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2017 წლიდან მოყოლებული საბანკო ასოციაცია, სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით აქტიურად მუშაობდა ეროვნულ ბანკთან საქართველოში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევზე. ასოციაცია ჩართული იყო იმ საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილების, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რომლებიც ეკონომიკური მდგრადობის, დასაქმების, სოციალური პასუხისმგებლობის, მწვანე ბანკინგის, კორპორაციული მმართველობის და სხვა დაკავშირებული მიმართულებებით საბანკო სექტორის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ევროპაში გარემოს, სოციალურ და მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO) პარტნიორობით ხორციელდება.
NS