23.ივლისი .2021 23:29

საქართველოს საელჩო საფრანგეთში გამგზავრების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში გამგზავრების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს
views 5955
უკან

17 ივლისიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო იტყობინება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წლის 17 ივლისს 00:00სთ-იდან წამლის ევროპული სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით (ფაიზერი, მოდერნა, ასტრა-ზენეკა და ჯონსონ&ჯონსონი) სრულად აცრილი მგზავრები, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოემგზავრებოდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ ექვემდებარებიან არანაირ შეზღუდვას, მათ შორის, არც PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას. მიუხედავად ამისა, საელჩოს ცნობით, საფრანგეთი წითელი ზონის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევა.

მათივე ინფორმაციით, სანიტარული მაჩვენებლების მიხედვით, განსაზღვრულია ქვეყნების სამი კატეგორია:

- "მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონა-ვირუსის აქტიური გავრცელება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი, ალბანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ბოსნია, ბრუნეი, კანადა, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იაპონია, კოსოვო, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სინგაპური, ტაივანი , უკრაინა, კომორის კუნძულები და ვანუატუ;

- "ნარინჯისფერი ზონია“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლების არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში);

- „წითელი ზონის“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები აქტიურად ვრცელდება: სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ინდონეზია, მალდივები, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, ურუგვაი, ზამბია, კონგო, მოზამბიკი, ნამიბია, რუსეთი, ავღანეთი, ტუნისი. 

"ამასთან, ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაქცინაცია სრულად ჩატარებულად ითვლება მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული 14 დღისა.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 17 ივლისს 00:00 საათიდან, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან შესვლის მსურველმა არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა კოვიდ 19-ზე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

არა-ვაქცინირებული მგზავრებისთვის ძალაში რჩება ქვეყნების მიხედვით აქამდე არსებული რეგულაციები:

-თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ გაკეთებული აცრა, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხი.
საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას კი, უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები.

-იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია.

-თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს.

-თუ ვაქცინაცია არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა.

-თუ საფრანგეთში მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან და არ გაქვთ გაკეთებული ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა