მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია - I კვარტალი

60ed9036ee9ef
ეგნატე შამუგია
14.07.21 09:45
1174
ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რაც სებ-ის მიერ ყოველკვარტალური პერიოდულობით გამოიცემა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია - 23.9 მლრდ აშშ დოლარია, რაც დებიტორულ პოზიციას ასახავს. კერძოდ, აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით საქართველოს რეზიდენტებს უფრო მეტი ფინანსური ვალდებულება გააჩნიათ სხვა დანარჩენი მსოფლიოსადმი, ვიდრე აქტივები. თავის მხრივ, საინვესტიციო პოზიციები არაფინანსურ აქტივებთან ერთად ეკონომიკის წმინდა ღირებულებას ასახავს. ხოლო, საინვესტიციო პოზიციები კონკრეტული ქვეყნის დანარჩენ მსოფლიოსთან არსებულ ფინანსურ ურთიერთობას ასახავს და საგადასახდელო ბალანსში ფინანსური ანგარიშის იდენტურია, მაგრამ არსებითი განსხვავება გააჩნია. თუკი ფინანსური ანაგრიში დროის გარკვეულ პერიოდში (კვარტალი, წელიწადი) განხორციელებულ ოპერაციებს მოიცავს, საინვესტიციო პოზიციები დროის კონკრეტულ მომენტში არარეზიდენტებისადმი ვალდებულებებს და აქტივებს აღრიცხავს. აღნიშნული ერთგვარი კუმულატიური მაჩვენებელია ფინანსური ანგარიშების, რომელიც ეკონომიკის ფინანსურ ღიაობას ზომავს. კერძოდ, ვალდებულების და აქტივების მთლიან ეკონომიკასთან ფარდობა ასახავს თუ რამდენად ღიაა ეკონომიკა ფინანსური ნაკადებისთვის. გარდა ამისა, საინვესტიციო პოზიციებში ქვეყნის კრედიტუნარიანობა ასახული და ამა თუ იმ ქვეყნის დეფოლტის რისკების შეფასებაში გამოიყენება. ეკონომიკის კრედიტუნარიანობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის კერძო და სამთავრობო სექტორის მიერ სესხის აღების შესაძლებლობას და ამ უკანასკნელის ფასს. უშუალოდ, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციების, როგორც სტატისტიკური ანგარიშის გამოყენება მონეტარული ხელისუფლების - ცენტრალური ბანკის და საგარეო ინსტიტუტების მიერ ხდება. ეს კი ქვეყნის საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობის მონიტორინგის და ვალის დონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული კი ფინანსური რისკების შესაფასებლად გამოიყენება, რასაც მჭიდრო კავშირი აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან.
 
ფიგურა 1: საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (2020 წლის IV კვარტლის ბოლო), წმინდა საინვესტიციო პოზიცია 1 018.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებით დებიტორულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რეზიდენტებს საგარეო აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა 4.1%-ითაა შემცირებულია. მათი ვალდებულებები აქტივებს 23 903.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება. გასული წლის ბოლო კვარტალში კი, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით კი, 4.1%-ით გაზრდილი იყო, რაც 24 922.8 მლნ აშშ დოლარის შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში წმინდა საინვესტიციო პოზიციის კლება უარყოფითი წვლილი შეიტანა საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებამ. წმინდა საინვესტიციო პოზიციის 4.1%-იან კლებაში სამივე მათგანის წვლილმა - 5.4 პ.პ. შეადგინა, ხოლო საოპერაციო ცვლილების წვლილი დადებით, 1.3 პ.პ. იყო. ამდენად, საანგარიშო პერიოდში უფრო მეტი აქტივები და ვალდებულები იყო აღებული, მაგრამ საინვესტიციო პოზიციის ცვლილებაში მისი წვლილი შედარებით დაბალია.

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული წმინდა საინვესტიციო პოზიციამ, დებიტორული 23 903.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 702.6%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.2 პ.პ. -ით ნაკლებია. თავის მხრივ, საინვესტიციო პოზიციის ფარდობით მაჩვენებლის კლება აშშ დოლარში ნომინალური მშპ-ს ოდენობის შემცირებითაა განპირობებული. რაც შეეხება პანდემიამდე პერიოდთან მიმართებით, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წმინდა საინვესტიციო პოზიცია 353.2 მლნ აშშ დოლარით უფრო დებიტორულია. 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პოზიცია 23 550.8 მლნ აშშ დოლარს, მშპ-ს 623.1%-ს შეადგენდა. კრიზისულ წელს კი საინვესტიციო პოზიციის ზრდა კი შესამჩნევად საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილებასაც უკავშირდება. ამ პერიოდში, ვალდებულებების კუთხით სამთავრობო სექტორის სესხების 33.2%-იანი ზრდაა, რაც გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6 677.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ფიგურა 2: საქართველოს საინვესტიციო პოზიცია - აქტივები (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანი აქტივების ოდენობამ 11 192.4მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მშპ-ს 191.6%-ია. საანგარიშო პერიოდში აქტივები 59.0 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი. აქტივების ზრდა კი დადებითი წვლილი საოპერაციო ცვლილებას, ხოლო უარყოფითი საკურსო ცვლილებას გააჩნია. საანგარიშო პერიოდში, საოპერაციო ცვლილების 242.0 მლნ-იანი ზრდა იყო, ხოლო საკურსოს შემთხვევაში კი, 169.9 მლნ-იანი კლება. ეს კი საქართველოს რეზიდენტებისადმი დანარჩენი მსოფლიოს უფრო მეტ ვალდებულებას ასახავს. აღნიშული არამხოლოდ წინა საანგარიშო პერიოდთან მიმართებით, არამედ წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებითაც გაზრდილია. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში აქტივების ნაშთი 682.4 მლნ აშშ დოლარით მეტია, რაც 6.5%-იანი ზრდაა. ამ პერიოდში აქტივების ზრდა საერთაშორისო რეზერვების 701.8 მლნ ლარით ზრდას უკავშირდება, რაც მონეტარული პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში აქტივების სტრუქტურაც შეიცვალა. როგორც ზემოთ განვმარტეთ, აქტივების მხარე ინვესტიციების და სხვა ინვესტიციების (სესხები, დეპოზიტები და ა.შ.) გარდა საერთაშორისო რეზერვებსაც მოიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, 94.6% უცხოურ ვალუტაა. აღნიშნულს ცენტრალური ბანკი განკარგავს. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით სარეზერვო აქტივების წილი მთლიან აქტივებში 36.6%-ია, რაც გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 35.8% იყო. ფაქტია, რომ მიმდინარე პერიოდში საერთაშორისო რეზერვების წილი გაზრდილია, მაგრამ 2010-14 წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, რადგან ამ პერიოდში მისი წილი საშუალოდ ½ -ს აღემატებოდა. აღნიშნულ პერიოდში რეზერვების წილის კლებასთან ერთად პირდაპირი და სხვა ინვესტიციების წილი გაიზარდა, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანი აქტივების 58.4% -ია (პირდაპირი ინვესტიციები 27.0% და სხვა ინვესტიციები 31.4%). ეს მაჩვენებელი გასული წლის ბოლოს 58.7% იყო (პირდაპირი ინვესტიციები 27.2% და სხვა ინვესტიციები 31.5%). ამდენად, საქართველოს საერთაშორისო აქტივებში საჯარო სექტორი კვლავ დომინანტური რჩება (რეზერვები), მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კერძო სექტორისადმი არარეზიდენტების ვალდებულების ზრდის გამოკვეთილი ტენდენცია სახეზეა.

ფიგურა 3: საქართველოს საინვესტიციო პოზიცია - ვალდებულებები (მლნ აშშ დოლარი; %)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს რეზიდენტების ვალდებულებები 35 096.29 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (2020 წლის IV კვარტალი) 959.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 982.3 აშშ დოლარით მეტი. ვალდებულებების ზრდა გასული წლის მეორე ნახევარს უკავშირდება, რომლის მიზეზი სხვა ინვესტიციებს - სესხები იყო. კერძოდ, გასული წლის ბოლო კვარტალში სამთავრობო სექტორის სესხების ნაშთი 10.8%-ით, 650.3 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი. აღნიშნულის წვლილი მთლიანი ვალდებულების ზრდაში კი 78.4%-ია. ამავე პერიოდში კერძო სექტორის (ბანკები) მიერ არარეზიდენტებისგან აღებული სესხები 29.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, რაც 1.3%-იანი კლებაა. საინვესტიციო პოზიციის ვალდებულებების მხარეს სესხების ნაშთის მხოლოდ 19.9%-ია კერძო სექტორის წილი, რაც აჩვენებს, რომ კერძო სექტორის მიერ სესხის სახით ვალდებულებების აღება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სამთავრობო სექტორის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის სასესხო ვალდებულების ნაშთი კი 2019 წელთან შედარებით 33.2%-ითაა გაზრდილი. სესხების 33.2%-იანი ზრდა კი აბსოლუტურ გამოხატულებაში 1 663.0 მლნ აშშ დოლარია, რაც 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის 9.1%-იანი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობის ვალის ზრდის შედეგია. გასული წლის ბოლოს კი მთავრობის საგარეო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 47.6% იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 15.8 პ.პ. -ითაა გაზრდილი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, წინა პერიოდთან შედარებით, სესხები 102.9 მლნ აშშ დოლარით მეტია, რომლის ზრდა წინა წლის მსგავსად სამთავრობო სექტორს უკავშირდება და პირიქით, კერძო სექტორის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებები შემცირებულია.

რაც შეეხება ვალდებულებების სტრუქტურას, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს მთლიანი ვალდებულების ნაშთის 40.7% სხვა ინვესტიციების წილია, რომელიც ძირითადად სავაჭრო კრედიტებს, სესხებს და დეპოზიტებს მოიცავს. ვალდებულებების აღნიშნული კომპონენტი 2010-20 წლის მანძილზე საშუალოდ 38.1%-იან ნიშნულზე იყო, ხოლო გასული წლის პირველი კვარტალიდან ამ უკანასკნელის ზრდაა შესამჩნევი, რომლის პარალელურად ვალდებულებების ძირითადი კომპონენტი - პირდაპირი ინვესტიციების ნაშთის წილი იკლებს. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით ვალდებულების 50.1% პირდაპირი ინვესტიციების ნაშთია, რაც ბოლო ათწლიან პერიოდში საშუალოდ 53.7%-ია. საანგარიშო პერიოდში პირდაპირი ინვესტიციების ნაშთმა 17 591.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 1 030.2 მლნ აშშ დოლარითაა შემცირებული, ხოლო 2019 წელის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი 434.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. გასულ წელს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი 693.9 მლნ აშშ დოლარითა შემცირდა, რაც 2020 წლის მანძილზე პირდაპირ ინვესტიციების ნაკადების 52.9%-იანი კლებაა. ხოლო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 93.1 მლნ აშშ დოლარითა შემცირებული, რაც 68.8%-იანი კლებაა. ამდენად, გასული წლიდან უცხოური კაპიტალისთვის - პირდაპირი ინვესტიციებისთვის საქართველო გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანაა. თავის მხრივ, სწორედ ინვესტიციებია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყარო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირდაპირ ინვესტიციების საშუალებით ხდება ადგილობრივი მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში უცხოურ ინვესტიციებს თვალსაჩინო როლი გააჩნია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციები კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტების არარეზიდენტებისადმი მიმართ აქტივებს და ვალდებულებებს ასახავს. თუკი წმინდა საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია, ქვეყანა დებიტორულია. ესე იგი, კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტებს უფრო მეტი ვალდებულება გააჩნიათ დანარჩენი მსოფლიოსადმი, ვიდრე აქტივები. საქართველო კი ისტორიულად დებიტორული საინვესტიციო პოზიციის მქონე ქვეყანაა, რამაც 2021 წელს 31 მარტის მდგომარეობით -23903.9 მლნ აშშ დოლარი, პირველი კვარტლის მშპ-ს 702.6%-ია. ამ პერიოდში კი, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დებიტორული წმინდა საინვესტიციო პოზიცია 4.1%-ით შემცირდა, რომელიც შემცირება სრულად საოპერაციო ცვლილებას უკავშირდება, ხოლო ამ პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო საკურსო ნაწილში, პირიქით, ზრდა იყო. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პოზიციის ორივე მხარეს - აქტივების და ვალდებულებების ნაშთის ცვლილება ძირითადად სამთავრობო სექტორის აქტივობის შედეგია. კერძოდ, აქტივების მხარეს საერთაშორისო რეზერვების ზრდას, ხოლო ვალდებულებების მხარეს კი - მთავრობის ვალის. რაც შეეხება ინვესტიციებს, ვალდებულების ნაწილში პირდაპირი ინვესტიციების ნაშთი შემცირებულია. ჯამში, 2020 წელს წმინდა საინვესტიციო პოზიციის (დებიტორული) ზრდა უმეტესად გასული წლის ბიუჯეტის 9.1%-იანი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობის ვალის ზრდის შედეგია. ხოლო, მიმდინარე წელს კლება სწორედ სამთავრობოს სექტორის მიერ ვალის აღების მაჩვენებლის, წინა პერიოდთან შედარებით, დაბალი ნიშნულის შედეგი.