30.სექტემბერი .2019 20:50

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

views 279
უკან

სავაჭრო სესიების დროს მოთხოვნადი საქართველოს საფონდო ბირჟაზე სს "ლიბერთი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" ფასიანი ქაღალდები იყო. ჯამში, 25 ათასზე მეტი აქცია, 3249 ლარის ღირებულებით გასხვისდა.

რაც შეეხება ლარში არასაბირჟო გარიგებებს, აქ მხოლოდ "საქართველოს ბანკის" 50 აქცია გასხვისდა, თითოეული მათგანის ფასი 50 ლარი იყო და შესაბამისად, ჯამური ღირებულება 2500 ლარი მივიღეთ.

დოლარში სს "სილქნეტის" ობლიგაციებზე შედარებით მსხვილი გარიგება დაფიქსირდა. 200 ფასიანი ქაღალდი ბოლო 1 კვირაში გაიყიდა და გარიგების ღირებულებამ 229 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

GSE.GE-ს ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ აქციონერთა კრება დააანონსა, სადაც კომპანიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ესენია: სს "ნინო", "უნივერსალი", "აქატი" და "სარაჯიშვილი".

ლონდონში, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, "საქართველოს ბანკის" 188,977 აქცია გასხვისდა, 2.4 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 88 ათასი აქცია – 906 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 97 ათასი აქცია – 196 ათას ფუნტად, რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 301 ათასი ფასიანი ქაღალდი 3.7 მილიონად გაიყიდა.

დადებითად ვაჭრობა მხოლოდ "საქართველოს ბანკმა" დაამთავრა, დანარჩენი სამი კომპანიის აქციების ღირებულება კი შემცირდა. ამჟამად Galt & Taggart-ის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" 658 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "Georgia Capital" 376 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" – 264 მილიონი, "თიბისი ბანკი" კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 679 მილიონადაა შეფასებული.

საქართველოში ბირჟის ინდექსმა (GSX) რამდენიმე კვირის წინ თითქმის 100–პუნქტიანი ვარდნა განიცადა და დაღმასვლა ამ კვირაშიც გაგრძელდა. GSX 1 პუნქტით დაეცა და ის 88 ერთეულისგან შედგება.

საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია და მისი მაჩვენებელი უკვე რამდენიმე თვეა არ შეცვლილა.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა