მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5da42117ca79f
ლევან თაღიაშვილი
14.10.19 14:15
1115
გასულ კვირას საქართველოს საფონდო ბირჟაზე „ლიბერთი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ 87 ათასამდე აქციაზე  3348 ლარის ღირებულების  გარიგება დაიდო.

ე.წ „ფიქსინგის“ დროს დაფიქსირდა შედარებით მსხვილი გარიგება. სს "ბამბის ნართის" 90 200 აქცია გასხვისდა 267 ათას ლარად.

რაც შეეხება დოლარში დადებულ გარიგებებს, შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" იყო აქტიური, მისი 106 ობლიგაცია გაიყიდა 107 ათას დოლარად და ჯამში, ამ ორმა გარიგებამ ვაჭრობა შედარებით სოლიდური გახადა.

გარდა ამისა, 2019 წლის 7 ოქტომბრიდან ვაჭრობიდან მოიხსნა სს m2 უძრავი ქონების ობლიგაცია საბირჟო კოდით M204J. ამის მიზეზი ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ვადის დასრულება იყო. ამჟამად შპს „მ2 კომერციული ქონებების“ 30 ათასი ობლიგაციაა განთავსებული ბირჟაზე, რომელთა ემისიაც  1 წლის წინ მოხდა და მათზე ვაჭრობა კვლავ შესაძლებელია.

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა "საქართველოს ბანკმა" და "თიბისი ბანკმა" დაასრულა, დანარჩენი ორი კომპანიის აქციები კი, გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკის" 204 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 2.6 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის 99 ათასი აქცია გასხვისდა 986 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 25 ათასი აქცია კი - 52 ათას ფუნტად.

"თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 268 ათას აქციაზე გარიგება 3.1 მილიონ ფუნტად დაიდო.

კოპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მათი ღირებულება ლონდონში ასე გამოიყურება: "საქართველოს ბანკი" - 630 მლნ ფუნტი, "Georgia Capital" - 366 მლნ ფუნტი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 273 მლნ ფუნტი, "თიბისი ბანკი" - 661 მლნ ფუნტი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, წლის დასაწყისიდან "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი 1.6%-ითაა შემცირებული, "Georgia Capital"-ის აქციების კლება 3.13%-ია, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 2.94%, "თიბისი ბანკის" აქციების ფასი კი, თითქმის მეხუთედითაა შემცირებული (19.84%).


BOG-ის 1 აქცია ლონდონში 12.82 ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის - 9.98 ფუნტი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 2.08 ფუნტი, TBC ბანკის კი - 12.00 ფუნტი.

საქართველოში ბირჟის ინდექსი 10 სექტემბრის შემდეგ განახევრებულია. მისი ამჟამინდელი მაჩვენებლი 89 პუნქტია. რაც შეეხება, ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 30 სექტემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 886 მილიონი ლარია.