მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპატრიარქო Covid-ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

61a3d3234cb17
BM.GE
28.11.21 23:04
1630
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა მრევლს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ.

თუმცა, აქვე საპატრიარქო მიუთითებს, რომ ისინი ვერ იქნებიან სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე. გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად:

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს.