საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით $4.136 მილიარდს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით $34.9 მილიონით მეტია. აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების გზით $82.9 მილიონი გაყიდა. შესაბამისად, რომ არა ,ინტერვეენციები აპრილში სავალუტო რეზერვები კიდევ უფრო მეტად გაიზარდებოდა.
"საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დონის ცვლილება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას უკავშირდება",- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში შვიდი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი გაყიდა.
საქართველოს სავალუტო რეზერვებს შორის კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნით სებ-ში დაცული სავალუტო დეპოზიტებიც შედის.
სავალუტო რეზერვებს შორის 2.34 მილიარდი ლარი ფასიან ქაღალდებში არის განთავსებული, დანარჩენი თანხა კი ძირითადად დეპოზიტების სახისაა.