მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სახელმწიფოს არსებობა ამაზეა დამოკიდებული - თენგიზ ფხალაძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე

62b5f56175a5b
ალა ისპირიანი
24.06.22 22:45
1124
„საქართველოს სახელმწიფოს არსებობა იმ შემთხვევაში უწერია, თუ დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო იქნება, რადგან სხვა ალტერნატივა არ დარჩა იმ გავლენის სფეროებში, საიდანაც პერსპექტივა მხოლოდ რუსეთის კოლონიობაა“, - ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

პროფესორის თქმით, პარლამენტს წესით 22 ივნისის სხდომაზე უკვე უნდა გამოექვეყნებინა გეგმა, თუ რას აპირებს საქართველო.

„პერსპექტივის მიღება რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როდესაც შეგიძლია გაცილებით მეტი მიიღო და ფაქტობრივად ეს მეტი ხელის გულზე იდო და ჩვენივე შეცდომების გამო დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იმედგაცრუება ძალიან დიდია.

თუ სტატისტიკას შევხედავთ, საქართველო მოლდოვასაც და უკრაინასაც უსწრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება არა მარტო სტატისტიკა, არამედ დინამიკაც. დინამიკა ამ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოვახერხეთ და მთელი კასკადი შენიშვნები დავაგროვეთ. ცუდი როლი ითამაშა შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის ასე გადაგდებამ და არასერიოზულმა დამოკიდებულებამ. ეს ქვეყნის მოდერნიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ჩვენ მიმართ დაიწია ნდობა, მაშინ როდესაც უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ნდობა გაიზარდა, ამიტომ მათ მისცეს ავანსი, ჩვენ არა.

იმ ფონზე, როდესაც ძალიან ინტენსიურად უნდა გვემუშავა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენ თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორი, რომელიც როგორც წესი გამოდის ხოლმე და საქართველოს პოზიციას იცავს, ან კრიმინალებად გამოვაცხადეთ ან მტრად. მოვახერხეთ ურთიერთობების გაფუჭება იმ ხალხთან, რომლებსაც ძალიან სერიოზული როლი შეეძლო ეთამაშა გადაწყვეტილების მიღებაში და საქართველოს ადვოკატები ყოფილიყვნენ.

არც კი ვაჩვენეთ იმის სურვილი, რომ ჩვენს ნაკლოვანებას ვხედავთ და ამის გამოსწორებისკენ მივისწრაფვით, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან ამის სიგნალები მოდიოდა.

აღარ ვლაპარაკობ პრეზიდენტ ზელენსკის აქტივობებზე - ფაქტობრივად არ დარჩენილა არცერთი ევროპელი ლიდერი, ვისთანაც მას პირადად არ უსაუბრია და პარლამენტი, ვისთვისაც არ მიუმართავს და გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც კიევში არ ჩასულა. მაგრამ მოდით შევხედოთ მოლდოვას - როგორი ინტენსიური აქტივობა ჰქონდა მოლდოვას გადაწყვეტილებების მიმღებებთან და რა ინტენსიური კომუნიკაცია და ვიზიტები, რომელიც მაია სანდუმ განახორციელა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. იგი პრემიერ მინისტრს და მთავრობის მეთაურს შეხვდა, ასევე მასთან იყვნენ ჩასულები საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც იმავდროულად ევროკავშირში თავმჯდომარეობა ჰქონდა და ა.შ. ჩვენ ამაშიც მოვიკოჭლეთ. სამწუხაროდ, ეს იყო ლოგიკური შედეგი, რადგან ვერცერთი გაფრთხილება და სიგნალი სწორად ვერ გამოვიყენეთ.

შესრულებადია თუ არა ეს გეგმა, ამაზე კითხვა არ უნდა დაისვას, რადგან საქართველოს სხვა მომავალი არა აქვს. საქართველოს სახელმწიფოს არსებობა უწერია იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება დემოკრატიული განვითარებული ევროპული ტიპის სახელმწიფო, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის დარჩენილი იმ გავლენის სფეროებში, საიდანაც პერსპექტივა არის მხოლოდ რუსეთის კოლონიობა. არჩევანი არ გვაქვს და ერთადერთი გზა ამ ყველაფრის შესრულებაა.

პარლამენტის სხდომაზე ფაქტობრივად უნდა გამოგვექვეყნებინა უკვე გეგმა და პარლამენტს უნდა ემსჯელა იმაზე თუ რას აპირებს საქართველო და ამით მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ჩვენი წონა ჩვენი პარტნიორების თვალში, რომ საქართველო უკვე მუშაობს იმაზე, თუ რა რეფორმები გავატაროთ. ჩვენ აბსოლუტურად სხვა რაღაც დავინახეთ, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ სამოქმედო გეგმისაგან, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 6 თვეში ეს შესრულდეს. უნდა ჩანდეს რომ ქვეყანა ამ მიმართულებით მიდის.

კანდიდატის სტატუსის არ მოცემა ნიშნავს ჩვენს დაშორებას იმ პროგრამებისაგან, რომლის დაწყების შემთხვევაშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ მისი ცხოვრება ყოველდღიურად უმჯობესდება. ჩვენი თაობა ამ შესაძლებლობების ფანჯარას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 30 წელი ელოდებოდა და ჩვენ თუ ეს ფანჯარა ხელიდან გაუშვით, არავინ იცის ეს ფანჯარა ხელახლა როდის გაიხსნება", - განაცხადა მან.