მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შესაძლებლობები კლიმატური ცვლილებების ეპოქაში - ჯორჯ ველტონის ბლოგი

5e5799b38ada3
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 09:00
1431
საქართველო უკვე დიდი ხანია ისწრაფვის ევროპისკენ. ევროკავშირის მიერ ათწლეულის დასაწყისში დასახული ამბიციური მიზნები კლიმატური ცვლილებების შესახებ საქართველოს რეალურ შესაძლებლობას აძლევს გახდეს ლიდერი ევროპაში ამ მიმართულებით და გაერთიანდეს მასთან მდგრადი განვითარების ღირებულებებით.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გასცემს დაპირებას, რომ 2040 წლამდე მიაღწევს ნახშირბად-ნეიტრალურობას (Carbon Neutrality), რაც 10 წლით წინ გაუსწრებს ევროპის დანარჩენ ნაწილს, საქართველოს შეეძლება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ამ განხრით, წარმოადგინოს კლიმატური რეფორმის ბიზნეს ქეისი, წაახალისოს ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, გაზარდოს ქვეყნის უსაფრთხოება და შექმნას ქვაკუთხედი ეროვნული განახლებისთვის.

როგორც ჩვენი ჟურნალის, Investor.ge-ის, გარემოს დაცვისადმი მიძღვინილი, გამოშვება ცხადჰყოფს, პროცესი მოიცავს ინიციატივების ფართო სპექტრს, რომლებიც უკვე ხორციელდება. ამ ნომერში გვსურს ხაზი გავუსვათ ელექტროწარმოების შესახებ რეგულაციებში ცვლილებებს (გვ.20), მდგრადი განვითარების პროექტების დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს (გვ.14), ნარჩენების გადამუშავების ახალ რეგულაციებსა და იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სასოფლო-სამეურნეო კულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ.
როგორ მიაღწევდა საქართველო ნახშირბად-ნეიტრალურობას?

დასაწყისისთვის, ქვეყანამ მიზნად უნდა დაისახოს იმდენი ელექტროენერგიის წარმოება ენერგიის განახლებადი წყაროებისგან, რომ საკუთარი მოხმარების 100%-ის დაფარვა შეეძლოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო გზას იწყებს დიდი უპირატესობით. უახლოეს წარსულში, 2010 წელს, ქვეყანამ გამოიმუშავა იმაზე მეტი ჰიდროელექტრული ძალა ვიდრე წლიური ელექტრო ენერგიის მოხმარებისთვის იყო საჭირო. ამ მაჩვენებელმა 75%-მდე დაიწია მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, თუმცა ქვეყანას მაინც ძლიერი პოზიცია გააჩნია განვითარების გზის დასაწყისშივე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო საჭიროზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს სამჯერ მეტ ელექტროენერგიას ვიდრე მსგავსი შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნები. ეს ასახავს ისტორიულ არაეფექტურობას და ასევე მიგვითითებს ბიტკოინის მოპოვების პროცესზეც, რომლის წილიც ელექტროენერგიის მოხმარებაში სულ მცირე 10-15%-ია.

ეს რეალური შესაძლებლობაა, რადგან არაეფექტურობისა და ნარჩენების ასეთი დონით, მარტივად შეიძლება სწრაფი სარგებლის მიღება. ფაქტია ისიც, რომ ცალკეული ინდივიდების მიერ საიზოლაციო თუ მზის ენერგიის სისტემების მონტაჟი საკმაოდ მაღალ ფასებთან არის დაკავშირებული, თუმცა მასშტაბური პროექტების შემთხვევაში, განსაკუთრებით სახელმწიფო პროექტების დროს სურათი სხვანაირია და საერთო ჯამში ღირებულება შეღავათურია.

კარგი მაგალითია, ილონ მასკის მიერ წამოწყებული კომპანია Solar City, რომლის ფარგლებშიც მან შეძლო მასიურად გაეფართოებინა მზის პანელების მოხმარება კალიფორნიაში. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობდნენ მზის პანელების უფასოდ დამონტაჟებას, რის შემდეგაც კომპანია იღებდა გადასახადს წარმოებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, ჯამური გადასახადის შემცირებით. საქართველოს სახელმწიფოსაც შეუძლია რაიმე მსგავსის გაკეთება თბოიზოლაციის სისტემებითა თუ მზის პანელებით.

განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებაც უნდა გაიზარდოს. საქართველოს შესაძლებლობები ჰიდროელექტრო წარმოების მიმართულებით კარგად არის ცნობილი, თუმცა არსებობს შესაძლებლობები მზის და ქარის ენერგიის მიმართულებითაც. ეს დარგები ჯერ არ არის განვითარებული, რადგან არსებობს გამოწვევები განახლებადი ენერგიის მართვის პროცესში. გარდა ასეთი პროექტის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. ორივე პრობლემა მოგვარდებოდა ენერგო ეფექტურობისა და სახლის პირობებში წარმოებული ელექტრო ენერგიის გაზრდით, რადგან ეს მოითხოვდა თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვას. ასევე, მეტი ეფექტურობის მისაღწევად ელექტროენერგიაზე ფასები შესაძლოა მცირედით გაიზარდოს, საერთო ჯამში საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდის გარეშე. ეს გახდიდა განახლებად წარმოებას უფრო მიმზიდველს ინვესტორებისთვის.

მწვანე ენერგიის წარმოებისკენ სწრაფვას შეუძლია დიდი ბიძგი მისცეს ინვესტიციების მოზიდვას სხვა სექტორებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისკენ მიმართული ექსპორტისთვის. ევროკავშირის ახალი კლიმატური ცვლილებების პოლიტიკის ერთერთი მთავარი კომპონენტი იქნება ახალი ნახშირბადის გადასახადი იმპორტებზე. 100%-იანი განახლებადი ქართული ელექტროენერგიით, ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც ენდომება ქარხნის აშენება, შეეძლება თქვას, რომ რომ მათი ენერგიის მოხმარება სრულად ნახშირბად-ნეიტრალურია თუ უბრალოდ მიუერთდებიან ქართულ წარმოებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, ამ პროექტს შეუძლია მისცეს ბიძგი ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას ევროკავშირთან, რასაც ბევრი ეკონომისტის აზრით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ელექტროენერგიის წარმოების კუთხით დამოუკიდებლობა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. საქართველო აღარ არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული რუსეთზე, რადგან დაახლოებით 10 წლის წინ ქვეყანა გადავიდა აზერბაიჯანის გაზის მოხმარებაზე, ხოლო რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მიუხედავად ამისა, მაინც არც თუ ისე სახარბიელოა ის ფაქტიც, რომ საქართველო ენერგიის კუთხით ასე მსხვილად არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ელექტროენერგიის ერთი მესამედი მოდის ენგურის წყალსაცავიდან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე იკვეთება. ზოგადად გაზრდილი წარმოება და შემცირებული მოხმარება საქართველოს უფრო ნაკლებად მოწყვლად ქვეყანად გახდიდა.

ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული ქმედებები უკვე დაწყებულია: 2019 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის მიღებით და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის“ დამტკიცებით.

ტრანსპორტირების ენერგოეფექტურობის გაზრდა მისი სრული ელექტრიფიკაციით უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ნახშირბად-ნეიტრალურობის მიზნის მიღწევის გზაზე. მანქანებში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ტოიოტა პრიუსების მოხმარების მკვეთრი ზრდა თბილისში 2017 წელს საგადასახადო კოდექსში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია. ვლილებების თანახმად, იმპორტის გადასახადი ჰიბრიდულ მანქანებზე 60%-ით შემცირდა. ამავე წელს, ჰიბრიდული მანქანების იმპორტი ნოლიდან 84 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, შემდგომ კი 138 მილიონ დოლარამდე და მსგავსი ინტენსივობით 2018 და 2019 წლებშიც იცვლებოდა.

ყოველივე დადებითად აისახება ქვეყნის გარემოზე, თუმცა ეს ასევე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფასის ცვლილებები მოქმედებს ამ ფინანსურად სენსიტიურ ბაზარზე.

მანქანების იმპორტზე გადასახადების ზრდას შეიძლება ერთი დეკადის შემდეგ საქართველოს ავტოპარკი სრულად გადაეყვანა ჰიბრიდულ/სრულად ელექტრო ავტომობილებზე, ხოლო კიდევ ერთი დეკადის შემდგომ- მთლიანად ელექტრო მანქანებზე. ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის ელექტრო ენერგიის მოხმარებას და შესაბამისად მწვანე ენერგიის წარმოების საჭიროებასაც; ამავდროულად ეს პროცესი ამცირებს ნახშირბადის დონეს და შედეგად აუმჯოებესებს ჰაერის ხარისხს ქვეყანაში.

დაბალი ნახშირბადის დონის მიღწევისთვის ასევე მნიშვნელოვანია გზებზე ზოგადად ავტომობილების რაოდენობრივი შემცირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებით და მატარებლების მიერ ტვირთების გადაზიდვის ხელშეწყობა. ეს ისედაც აშკარა მომავალია. საქართველო არასდროს გახდება ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთების სატრანზიტო ქვეყანა თუ ტრანზიტი სატვირთო მანქანებით განხორციელდება, რადგან ეს პროცესი ძალიან ძვირია და ასევე ძალიან ნელი.

თუ საქართველო შეძლებს დაბალი ნახშირბადის დონის ტურისტული გამოცდილების შეთავაზებას, ხელს შეუწყობს უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვასაც, რომლებსაც სურთ დანაშაულის გრძნობის გარეშე იმოგზაურონ. გულმოდგინე გარემოს დამცველებითვის სახელმწიფოს შეუძლია სასაზღვრო პუნქტზე მოხალისეობრივი ‘მწვანე გადასახადის’ გადახდის შეთავაზება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს თვითმფრინავის მიერ გამონაბოლქვით მიყენებული ზიანის განეიტრალებას მაგალითად ხეების დარგვით ან საკონსერვაციო ადგილების გაზრდით და ა.შ.

მდგრადი განვითარების დღის წესრიგი შექმნიდა რამდენიმე გზას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, თბოიზოლაციის გაზრდა სახლებში, მზის პანალების დამონტაჟება და ახალი დანადგარები - ამ ყველაფრის შედეგად აუცილებლად შეიქმნება მოკლევადიანი ეკონომიკური ბიძგები.

ექსპორტზე ორიენტირებული ინვესტიციების ზრდა და მწვანე ტურიზმის განვითარება უფრო გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას იქონიებდა ზოგადად საქართველოზე.

ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება ასევე თანხვედრაში მოვიდოდა უფრო ფართო გარემოს დაცვით მიზნებთან. აშკარაა, რომ საქართველოს ეკოსისტემის ერთერთ ჩავარდნას ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვა და გადამუშავება წარმოადგენს, მაგრამ თუ მდგრადი განვითარება საქართველოს ხედვის ნაწილი გახდება, ეს პრობლემაც გადაიჭრება.

თუმცა შესაძლოა ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო კუთხით წარიმართოს და საქართველო აღმოჩნდეს ახალი საკვანძო ინდუსტრიების ეპიცენტრში.

ასეთ ინდუსტრიებს შეგვიძლია ნახშირბად-ნეიტრალური ინდუსტრიები ვუწოდოთ, რომლებიც იაფფასიან საქონელზე დგას (‘Carbon Neutral – on the Cheap’). საქართველომიიჩნეოდა მეორადი მოხმარების მანქანების ძირითად იმპორტიორ/ექსპორტიორი. ეს არ გახლდათ მხოლოდ სატრანზიტო საქონელი. ხშირად ქართველებს მოგების მიზნით შემოყავდათ დაზიანებული ავტომობილები ქვეყანაში, შეაკეთებდნენ და უკვე შემდგომ გაქონდათ ექსპორტზე. უპირატესობას წარმოადგენდა საქართველოში, ევროპასთან შედარებით, არსებული დაბალი ფასები.

მსგავსი შესაძლებლობები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მწვანე ტექნოლოგიებში, იქნება ეს ელექტრო მანქანების ბატარეები, თბოიზოლაციის სისტემები თუ მზის პანელები. თუ საქართველო გახდება ექსპერტი მეორადი გამოყენების ან შეღავათიანი ღირებულების განახლებადი ტექნოლოგიის და დაბალი დონის ნახშირბადის ტექნოლოგიის შეკეთებაში და განვითარებაში, ის დაიკავებს მნიშვნელოვან ნიშას საერთაშორისო ბაზარზე.

მსგავსი სტრატეგიის ხარჯებიც შესაბამისი იქნება, თუმცა ამ პროექტის წარმოჩენა უნდა მოხდეს როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო შესაძლებლობის, რაც შესაბამისად გაამარტივებს საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მოზიდვას. რისკის გაზიარება დიდი მასშტაბის ელექტრო ენერგიის წარმოების წახალისებისას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს ფასზე ან სუბსიდირებას. ეს შესაძლოა იყოს გამართლებული მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმოებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება ადგილობრივი ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დამატებითი დაბალი ღირებულების აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად ბითქოინის მოპოვება, (იმ შემთხვევაში თუ საერთოდ დაშვებადია) არ უნდა მოიხმარდეს სუბსიდირებულ ელექტროენერგიას და მომპოვებლები უნდა იხდიდნენ გადასახადებს.

პოტენციურად მაღალ ხარჯებთან არის ასევე დაკავშირებული ეროვნული სისტემის ცვლილება იმგვარად, რომ სახელმწიფოს შეეძლოს განახლებადი რესურსების მერყეობასთან გამკლავება. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის და თბოიზოლაციის წამახალისებელი ინიციატივები, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მზის პანელები და ჰიბრიდული/ელექტრული მანქანების გამოყენების გაზრდაც თავისხმრივ გულისხმობენ პოტენციურად მაღალ ხარჯებს.

თუმცა, ეს ხარჯები საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის გენერირების საშუალებას მისცემდა არამედ, დაფინანსების მოპოვებაც უფრო გამარტივდებოდა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიესალმებიან და აქტიურად ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის ინვესტირებაში. ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ახლახანს გამოაცხადა ახალი კლიმატური სტრატეგია და ენერგიის გაცემის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 2020-2030 წლებში იგეგმება ტრილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციების გაცემა კლიმატის და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც (EBRD) აგრეთვე აპირებს, რომ თავისი პორტფოლიოს 40% მწვანე ინვერსტირებას დაუთმოს. სულ ცოტა ხნის წინ EBRD-მა გამოყო 54 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა საქართველოს მწვანე ეკონომიკის საწარმოს გასახსნელად.

მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკსაც (ADB) გააჩნიათ მსხვილი მწვანე ფონდები.

კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის განკუთვნილი ფონდების მიღება შესაძლოა მოხდეს ძალიან დაბალ პროცენტში და ამავდროულად ხანგრძლივი გადახდის პერიოდის დაწესებით, თუ ეს მოხდება სახელმწიფოს მეშვეობით დამოუკიდებელი გარანტიის სახით. ეს მისცემს სახელმწიფოს საშუალებას გამოსცადოს სხვადასხვა საინიციატივო სქემები იმისათვის, რომ წაახალისოს მდგრადი განვითარების გაზრდა მსხვილ თუ მცირე ენერგიის წარმოებაში, ტრანსპორტში, საიზოლაციო სისტემებში და სხვა სფეროებში.

ამ სფეროში საქართველოს ლიდერობა შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ განვითარებადი ქვეყნები ითამაშებენ საკვანძო როლს კლიმატური კრიზის გადაჭრაში, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნები უფრო ამ თემის გარშემო მიმოხილვებსა და დისკუსიებზე არიან ორიენტირებულები. დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი, ან მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაშინ როდესაც მხოლოდ 16% ცხოვრობს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა განავითარონ სტრატეგიები, რომლებიც შეამცირებენ ემისიებს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ამ მიმართულებით წარმოჩენილი ლიდერობით და იმის ჩვენებით თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეიძლება ქონდეს შესაბამის ცვლილებებს ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოს შეუძლია გახდეს შეუდარებელი გლობალური გავლენის მქონე ქვეყანა.

შესაძლოა ეს იყოს ის პროექტი, რომლითაც საქართველო დაიბრუნებს თავის რეპუტაციას, როგორც მსოფლიო ლიდერი ბიზნესზე ორიენტირებული რეფორმების კუთხით. საქართელოს პოზიციონირება მოხდება არა მხოლოდ როგორც ღვინისა და მასპინძლობის ქვეყანა, არამედ როგორც დაცული ბუნების, ბუნებრივი წარმოების და სუფთა წყლის სამშობლო.

თუ საერთაშორისო ცნობიერებაში საქართველო ჩაიბეჭდება მწვანე ცვლილებებისა და გაწმენდის იმიჯით, მაშინ ქვეყანა მიიღებს უამრავ პირდაპირ თუ ირიბ პოზიტიურ ეფექტს. ყოველივე უდაოდ გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლიანობის ზრდას. თუმცა ყველაზე კარგი ის არის, რომ საქართველო უბრალოდ სასიამოვნო საცხოვრებელ ადგილად გადაიქცევა.

ავტორი - ჯორჯ ველტონი, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში აღმასრულებელი დირექტორი