მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები ბულგარეთის მედიასაშუალებებში გავა - ადმინისტრაცია

6155726904f6b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 12:14
513
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეს-ტურის მიზანი ბულგარეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

„საქართველო ბულგარეთიდან მასპინძლობს მაღალრეიტინგული ტელევიზიების, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს. ძირითადი აქცენტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გაკეთდება, მომზადდება სიუჟეტები და სტატიები, რომელიც ბულგარეთში სხვადასხვა არხებისა და გამოცემების საშუალებით გავრცელდება“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

ტურის მონაწილეებს შორის საერთაშორისო ჟურნალის Vagabond-ის ბულგარული გამოცემის რედაქტორი ენტონი გეორგიევიცაა.
„პირველ რიგში გეტყვი, რომ საქართველოში 6 ან 7 წლის წინაც ვიყავი და ბევრი ადგილი ვნახე, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა. უფრო ლამაზია, ბევრი რამ განახლდა და ვფიქრობ, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. რა თქმა უნდა, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, ისევე როგორც სხვა ადგილები საქართველოში“, - ამბობს ენტონი გეორგიევი, ჟურნალ Vagabond-ის რედაქტორი.

„საქართველოში პირველად არ ვარ, 20 წლის წინ ვიყავი, ახლა ყველაფერი შეცვლილია. ძალიან მოვიხიბლე თბილისით. აქ ძალიან მეგობრული, მომღიმარი ხალხი ვნახე. დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაინიშნება პირდაპირი ავიარეისი ძალიან ბევრი ბულგარელი ტურისტული ეწვევა საქართველოს. პანდემიის მიუხედავად, ვფიქრობ, საქართველო უსაფრთხოა. ყველა ატარებს ნიღაბს, საზღვარზე ამოწმებენ ვაქცინირებულთა საბუთებს და მათ ვისაც PCR-ტესტი აქვს გაკეთებული“, - აცხადებს ტურის მონაწილე ტელეწამყვანი მაგდალენა გიგოვა.

5 დღიანი ტურის ფარგლებში ბულგარელი ჟურნალისტები თბილისს, უფლისციხეს, ახალციხეს, საფარას მონასტერს, ვარძიას, ფოკას და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს მოინახულებენ.

ტურის დასრულების შემდეგ ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურიზმის, კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ბუნების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში ათიათასობით ტელე მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.