მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინის ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს“ - თბილღვინო

61472445288bf
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 16:03
1136
„საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინის ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს“, - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ საერთაშორისო ბაზრებზე მეღვინეობის დარგში არსებულ სიახლეებსა და მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მეღვინეობის დარგი ვითარდება და ბოლო პერიოდში ქართულ მეღვინეობაში ინტენსიური ინვესტიციები იდება და ბევრი ახალი საწარმო იქმნება. შედარებით შემდგარი საწარმოები კი რეინვესტირებას ახდენენ.

„ჩვენ შემთხვევაში წლიდან წლამდე საწარმო სიმძლავრეებს ვზრდით და ეს ზრდა ბაზარზე არსებული ბოლო თაობის ტექნოლოგიებით ხდება. ვცდილობთ, დავამკვიდროთ ტექნოლოგიური პრაქტიკები, რომლებიც სულ ახალი დანერგილია და ბოლო ტექნოლოგიური მიღწევებია დარგში. ვთვლით, რომ ისტორია და ტრადიციები რაც გვაქვს კარგია, მაგრამ ალღო როგორც ცოდნით ასევე ინფორმაციული წვდომით უნდა ავუღოთ და ის ბოლო სიახლეები უნდა ჩამოვიტანოთ, რომელიც მსოფლიოშია, რადგან ჩვენ ამის უნარი გვაქვს. არამარტო უნდა ვუსმენდეთ და მივდევდეთ ტენდენციებს, არამედ ქვეყანას იმის პოტენციალიც აქვს, რომ რაღაც ტენდენციები შევქმნათ. ქარვისფერი ღვინოების ტენდენცია მაგალითია იმის, რომ საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინოების ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საერთაშორისო ბაზრებზე ყურძნის ჯიშებზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა ახალი ჯიშებზე მოთხოვნა აქტიურდება.

„ძირითადი მოთხოვნა წითელი ყურძნის ჯიშებზეა, როგორიცაა საფერავი, თეთრებიდან რქაწითელი - მასაში ეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ ამ ჯიშებით თანამედროვე მსოფლიომ გაგვიცნო და როგორც ქვეყანა, შევდექით. საერთაშორისო კონკურსებზე წარდგენით და მედლების მოპოვებით ეს არ არის მხოლოდ თვითმიზანი და საშუალება გადავამოწმოთ ჩვენი თავი რამდენად მაღალი ხარისხის ღვინოს ვქმნით და რამდენად ვიმსახურებთ მაღალხარისხოვანი ღვინის მწარმოებლის ტიტულს, არამედ ამით ვიმკვიდრებთ თავს დარგში, მსოფლიო ექსპერტების ცნობიერებაში, რომ ჩვენ კატეგორიად ჩამოყალიბებას ვიმსახურებთ. ამ ყურძნის ჯიშების მერე ისინი ახალი ჯიშებით ინტერესდებიან, რომელიც ჩვენშია და მრავალფეროვნებას ეძებენ. ამიტომაც ჩნდება მოთხოვნა ისეთი ყურძნის ჯიშებზე როგორიცაა ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი და კახური მწვანე... ეს ხვალინდელი დღეა“, - ამბობს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.