მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონი ექნება

5f549f79efa93
თელარა გელანტია
06.09.20 12:50
2284
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც 95 სხვადასხვა კანონში ცვლილების შეტანას ან ახალი კანონის მომზადება-დამტკიცებას მოიცავს.

საშემოდგომო სესიაზე განხილვის და მიღების რიგშია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონიც, რომლის ავტორი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

როგორც კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთების და კანონპროექტის მოკლე აღწერაშია აღნიშნული, დღეს მოქმედი „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც 1997 წლის 16 ოქტომბერსაა მიღებული, ფაქტიურად არ რეგულირდება წყლის ბუნებრივი რესურსების მართვასთან, აგრეთვე წყლის ობიექტებით სარგებლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხდება ცენტრალიზებულად და არა ამა თუ იმ წყლის ობიექტის გეოგრაფიულ საზღვრებში - მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე, რაც შეუძლებელს ხდის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას.

ალტერნატივას წარმოადგენს სააუზო მართვის მოდელი, რომელიც გულისხმობს  ინტეგრირებულ მიდგომას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან  გამომდინარე, უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას. აგრეთვე,
სამართლებრივი რეგულირების მიღმა არის დარჩენილი წყლის რესურსების დაცვისა და წყლით რაციონალური სარგებლობის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის წყალსარგებლობის მთელი რიგი ფორმები (მათ შორის
ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება), ჩამდინარე წყლებით წყლის ობიექტების დაბინძურება (წყალჩაშვება) და სხვა“, - ნათქვამია მოკლე აღწერაში.

ცნობისთვის: სააუზო მართვის სისტემა გულისხმობს ერთინაირი ბუნებრივი და ეკოლოგიური საწყისის მქონე წყლის რესურსების დაჯგუფებას აუზების მიხედვით და თითოეული აუზისთვის მართვის საერთო პრინციპის დანერგვას. მიიჩნევა, რომ სააუზო მართვის პრინციპის დანერგვა აუცილებელია როგორც რესურსების მდგრადი და რაციონალური გამოყენებისათვის, ისე დაბინძურების პრევენციისათვის.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება დაკავშირებული იქნება სააუზო მართვის დანერგვისათვის სავალდებულო ინსტიტუციური ცვლილებების გატარებისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფასთან. სავარაუდო თანხა დაკონკრეტებული არაა და წერია, რომ აუცილებელი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სააუზო მართვის გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ხასიათსა და მასშტაბზე.