მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ხორბლის და სიმინდის მოსავლიანობაში დიდი პოტენციალი აქვს - რევაზ ვაშაკიძე

5ee1e0858071e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 11:38
1540
მე გეტყვით რომ საქართველოსაც შეუძლია ხორბლის იმპორტიორი კი არ იყოს ექსპორტიორიც და მწარმოებელიც გახდეს - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ხორბლის მთავარი მწარმოებელი იყო ამერიკა, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში ხორბლის მოყვანისა და წარმოების განვითარების შემდეგ ეს ქვეყნები ამერიკის შემდეგ მთავარი მწარმოებლები გახდნენ.

„ეს მიუთითებს იმაზე რომ თუ ქვეყანა უფრო მეტად დაფიქრდება და გაანალიზებს, რა და როგორ შეუძლია, მე გეტყვით რომ საქართველოსაც შეუძლია ხორბლის იმპორტიორი კი არ იყოს ექსპორტიორიც და მწარმოებელიც გახდეს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ის არ იზიარებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრს რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და იმისთვის რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს ხორბალს კი არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა, არამედ სხვა კულტურებს. „ჩირინას“ დამფუძნებელი ამ მოსაზრებას „შტერულს“ უწოდებს და ამის დასამტკიცებლად არგუმენტები მოჰყავს.

„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცოტა შტერული განცხადება ყოფილი ეკონომიკის მინისტრის - ჯობია ჩვენ თხილი და მსგავსი რაღაცეები ვაწარმოოთ და ამით მიღებული შემოსავლით ვიყიდოთ ხორბალიო. გეტყვით, რომ საქართელოს შეუძლია თხილის და კაკლის წარმოებაც და შეუძლია ხორბლის და სიმინდის წარომებაც. თუ ჩვენ გავაანალიზებთ 2019 წელს რამდენი ხორბალი და სიმინდი შემოვიდა იმპორტით და გავაანალიზებთ დღევანდელ დღეს როგორია თანამედროვე სოფლის მეურნეობის პარამეტრები 1 ჰა-ზე რამდენი შეგვიძლია მოვიყვანოთ, გავყოფთ ამას ჰექტარზე და ვიტყვით რომ საქართველო არის ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანა, მაგალითისთვის ხორბლის წარმოებისთვის სულ 15 000 ჰექტარი საკმარისი იქნება, იმისთვის რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მსგავსი პარამეტრები იქნება სიმინდზე. მაგალითისთვის, სართიჭალის რაიონში რამდენიმე კომპანიაა, რომლის სიმინდის მოსავლიანობა არის 12-14 ტონა ჰექტარზე. თუ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, ჩვენი სიმინდის მოსავლიანობა არის 1.5 ტონა ჰექტარზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში ძალიან ბევრი მიწები არის დაუმუშავებელი, მაგალითისთვის სართიჭალის რაიონში მარტო 25 000 ჰა მიწაა დაუმუშავებელია. საქართველოს ხორბლის და სიმინდის მოსავლიანობაში დიდი პოტენციალი აქვს“, - ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

კითხვაზე არის თუ არა ის დაინტერესებული ამ მიმართულებით ინვესტიციებს, რევაზ ვაშაკიძე პასუხობს:„მე ნაწილობრივ ვაკეთებდი და ახლაც ვაკეთებ, ჩემ გარშემო არსებულ მეურნეობებს წინასწარ ვუფინანსებ მარცვლის მოსავალს და მერე ვყიდულობ. მაგრამ ეს კომპანიის დონეზე კი არ უნდა გადაწყდეს, ეს უნდა გადაწყდეს სახელმწიფოს დონეზე. შესაბამისად, ის მიდგომა რომ ვისაც ხორბალი მოყავს, უმჯობესია კაკალი ან თხილი მოიყვანოს ალტერნატივად არ უნდა განვიხილოთ. კაკლის და თხილის მოყვანას 7 წელი უნდა და ხორბალი და სიმინდი არის ძირითადი საკვები უზრუნველყოფა, არამარტო მეცხოველეობისთვის, არამედ ადამიანებისთვის და შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალება რომ ის პენსიები რაც ხალხს აქვს შევინარჩუნოთ საკმაოდ დაბალ დონეზე და ეს გვეძლვეს საშუალებას არ ვიყოთ დამოკიდებული დოლარისა და ლარის კურსზე“, - განმარტა ბიზნესმენმა.