მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

6076e02a601e2
ინგა მურუსიძე
14.04.21 16:31
520
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს აზიმ იბრახიმს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

„დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.

დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.