მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

64119f924f094
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.23 14:17
790
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ლევან დავითაშვილის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობს. 

“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ გაუხსნის. შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება და განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ხელმოწერისთვის გამზადდება. 

საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებაზე გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. 2022 წლის მაისში კი ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

2022 წლის განმავლობაში საქართველომ UAE-ში $31 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე. მათ შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია $11 მილიონით, მეორეზე ხალიჩები $2 მილიონით, მესამეზე კი სპირტიანი სასმელები $1.9 მილიონით. 

რაც შეეხება იმპორტს მისი ზომა 282 მილიონი დოლარი იყო, მათ შორის პირველ ადგილზე მობილური ტელეფონი იყო 155 მილიონი დოლარით, მეორეზე თამბაქოს ნაწარმი 20 მილიონით, მესამეზე კი კომპიუტერები $12 მილიონით.