მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში აფთიაქების მოგების მარჟა მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნების ზღვარს“ - WHO

60f07e9098e59
თამთა ჯიჯავაძე
16.07.21 00:10
1764
„მედიკამენტების ფასები მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და აფთიაქების მოგების მარჟა (ხშირად 100% -ზე მეტი) მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ზღვარს“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფისის მიერ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაში.

დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და არსებული ხარვეზები.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები, 2018 წელს უმდიდრესი კვინტილის გარდა, ყველა წლისთვის და ყველა ჯგუფისთვის კატასტროფული ხარჯვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რაც WHO -ს შეფასებით, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ღარიბ შინამეურნეობებზე.

„ამბულატორიული მედიკამენტები თითქმის მთლიანად ჯიბიდან იფარება. 2017 წელს სახელმწიფომ მედიკამენტებზე და სამედიცინო საქონელზე მიმდინარე ხარჯების მხოლოდ 1.2% დააფინანსა, ხოლო ჯანმრთელობის კერძო დაზღვევამ გადაიხადა დამატებით 2.4%. შედეგად, მედიკამენტებზე მოდის ჯანდაცვის ხარჯების 36% და ჯიბიდან გაწეული ხარჯების 62%, რაც მაღალი მაჩვენებელია ევროპული სტანდარტებით. ამბულატორიული მედიკამენტებით გამოწვეული ფინანსური სიდუხჭირე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საკვლევი პერიოდის განმავლობაში, 2013-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებდა არაუმეტეს 100 მედიკამენტის ღირებულების 50%-ს და წელიწადში მხოლოდ 50-200 ლარის ფარგლებში. გარდა ამისა, შესყიდვების სააგენტოს მონაცემები მიუთითებს, რომ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანმა ისარგებლა ამბულატორიული მედიკამენტების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით: 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მხოლოდ 23 492 ლარი დახარჯა მედიკამენტებზე (სოციალური მომსახურების სააგენტო, გამოუქვეყნებელი მონაცემები, 2018 წლის 19 ნოემბერი). მედიკამენტებზე სახელმწიფო ხარჯების ეს ძალიან მცირე მოცულობა ასახავს ბიუროკრატიულ პროცედურას, რომელთანაც დაკავშირებულია დაფინანსებული მედიკამენტების მოპოვებას, სამიზნე ჯგუფის დაბალ ინფორმირებულობას, მედიკამენტების შეზღუდულ და მოძველებულ არჩევანს და მაღალ თანაგადახდას“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხარჯებმა მედიკამენტებზე დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა შესყიდვების პროცესში ჩავარდნების, ყველაზე საჭირო მედიკამენტების მარაგის ამოწურვის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და სამიზნე მოსახლეობაში დაბალი ინფორმირებულობის გამო.

ამასთან, WHO-ს ქართული ოფისის მიმოხილვის მიხედვით, მედიკამენტებზე ჯიბიდან მაღალი ხარჯვა ასევე უკავშირდება ფასების რეგულირების ნაკლებობას, ექიმების მიერ ბრენდული წამლების ხშირ რეკომენდირებას და საცალო აფთიაქებში დაბალი ღირებულების გენერიკების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას (მსოფლიო ბანკი, 2017).