მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული 42%-ით გაიზარდა

5e4518cb4f24f
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.20 13:31
1085
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ შვიდ თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1806 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +42.43%-ით აღემატება. 

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 7.73% გახსნეს, 2019 წელს კი, ეს რიცხვი 5.43%-მდე არის შემცირებული ანუ კიბერდანაშაულის 94% გაუხსნელი რჩება. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია: 

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა; 
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა; 
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. წლის განმავლობაში ჯამურად 64123 სამართალდარღვევა აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 9.78%-ით მეტია. 

დანაშაულთა გახსნის რაოდენობა კი 35.61%-ს შეადგენს.