მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, აგვისტოში დღიურად 4000-მდე PCR ტესტის ჩატარება იგეგმება

5f0c73d753b58
ინგა მურუსიძე
13.07.20 19:08
1853
"ვაპირებთ, აგვისტოში ქვეყანაში დღიურად საშუალოდ 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

BMG დაინტერესდა, შესრულდა თუ არა მსოფლიო ბანკის რელიზში გაცხადებული პირობა და გასამმაგდა თუ არა საქართველოში სწრაფი ტესტების ჩატარების მაჩვენებელი.

„ტესტირება წარმოადგენს კოვიდის მართვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. ტესტირებები ხდება სწრაფი ტესტებით და PCR ტესტებით. თებერვალში ჩვენი დღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით - 27, მარტის საშუალო დღიური ტესტირება იყო - 73, აპრილის საშუალო დღიური ტესტირება გაიზარდა 472-მდე, მაისში ეს რიცხვი - 1443 იყო, ივნისში 1816, ხოლო ივლისში გვაქვს 3083. დიახ, როცა მსოფლიო ბანკმა დაიწყო მოლაპარაკება, სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ივლისში აპრილ-მაისის მონაცემებს გავასამმაგებდით. აგვისტოში ვაპირებთ, რომ ქვეყანაში დღიური ტესტირება იყოს 4000 PCR, ხოლო სწრაფი ტესტებით ჩატარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ორმაგდება; შემოდგომაზე კი, გვინდა, ეს მაჩვენებელი 5 000-7 000 იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 152 847 PCR ტესტი. ამასთან, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამჭვირვალედ მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებსაც უპასუხა.

„ჩვენ ნეპოტიზმში, კორუფციაში დაგვადანაშაულეს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ყველას მოვუწოდებ, გადაამოწმეთ მონაცემები. დღეს ეს ყველაზე გამჭვირვალე პროცესია. პროცესში 20 ლაბორატორია მონაწილეობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.