მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში აკვაკულტურის განვითარება ვერ ხერხდება... გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა“ - Maricultura Georgia

61f5926229527
სალომე ჭიპაშვილი
29.01.22 23:19
1790
„არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლის საშუალებითაც საქართველოში აკვაკულტურა განვითარდება“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა, მამუკა მიქაშავიძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ზღვის აკვატორია 315 კილომეტრია, რომლის პოტენციალიც წლის განმავლობაში 2-3 ათასი ტონა მოლუსკისა და ზღვის პროდუქციის წარმოებაა, ეს არის ბუნებისგან ნაჩუქარი ჯანსაღი ცილა, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 17%-ით იზრდება.შესაბამისად მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, რომ აკვაკულტურის განვითარებას შავ ზღვაში დიდი პერსპექტივა აქვს.  

„ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. უნდა განხორციელდეს დაგეგმილი პროექტები, როგორებიცაა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, სადაზღვევო სისტემის ამუშავება, უსაფრთხო მუშაობის საშუალება, შეიქმნას ლაგუნები და, რა თქმა უნდა ნავსადგურები. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა და გემი, რომლის საშუალებითაც გავზრდით წარმადობას, თუმცა საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, რომლის დახმარებით გავაფორმებთ შეძენის დოკუმენტაციას, აგრეთვე არ გვაქვს ნავსადგური, სადაც აღნიშნულ გემს დავაბინავებთ“, - აღნიშნავს მიქაშავიძე.

ცნობისთვის: Maricultura Georgia-მ აკვაკულტურის ათვისება 2016 წლიდან დაიწყო. ბიზნესის განვითარებისთვის კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეისთვის Maricultura Georgia შავ ზღვაში 75 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ჰექტრის ათვისებას ახერხებს და წლიურად 12-დან 20 ტონამდე მოლუსკს მოიპოვებს.