23.მარტი .2023 22:45

საქართველოში აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა

საქართველოში აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა
views 578
უკან

"საქართველოში აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა," - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯგუფის მიზანი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.

"ჯგუფში ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, მედიკოსები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები შედიან.

ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა, ჯანდაცვის სამინისტროში, გაიმართა. მხარეებმა აქონდროპლაზიის სამკურნალო სტრატეგიაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ერთ-ერთი მედიკამენტის „ვოქსზოგოს“ (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) შესახებ არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები და ევროპის რიგ ქვეყნებში მიღებული, სპეციალისტების შეფასებები და დასკვნები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. რაც შეეხება „ვოქსზოგოს“, სამუშაო ჯგუფის წევრების თქმით, აღნიშნული მედიკამენტი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის და ამ დროისათვის, არ არის ცნობილი, გრძელვადიანი გამოყენების შედეგები და შესაძლო გართულებები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შეიქმნას საქართველოში აქონდროპლაზიის მართვის სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს სამკურნალო მეთოდებისა და მედიკამენტების სწორად შერჩევას. ჯგუფის წევრების განცხადებით, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება და მათ შორის პრეპარატის შერჩევა, უნდა მოხდეს პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ბიოეთიკის ასპექტების გათვალისწინებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თსსუ-ს პროფესორი გივი ჯავაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დავით თუთბერიძე,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა