მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ევროპასთან შედარებით 4-ჯერ მეტია – ნიკოლოზ გაბელაია

634471bc03306
ლიკა მეგუთნიშვილი
10.10.22 23:20
572
„საქართველოში ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ევროპასთან შედარებით 4-ჯერ მეტია“ - ამის შესახებ BMG-სთან „გზაჯვარედინის“ დირექტორმა ნიკოლოზ გაბელაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გზებზე უბედური შემთხვევების რაოდენობის შემცირებისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ცენტრალიზებული სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ამ მიმართულებით არაერთ რეფორმას განახორციელებს და ახალ სტანდარტებს დანერგავს.

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ასეთი პრაქტიკაა, რომ პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შეიქმნა ასეთი სტრუქტურები. მოხდა შესაბამისი სტანდარტების მიღება, კანონმდებლობის შეცვლა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გატარდა. ამ ყველაფერმა კი, ფატალური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლა ეს ქვეყნები ჩვენზე ბევრად უფრო წინ არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია დასავლური პრაქტიკა ჩვენთანაც დროულად დაინერგოს და ასეთი სტრუქტურები სახელისუფლებო წრეების, არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლობით შეიქმნას“, - აცხადებს ნიკოლოზ გაბელაია.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად ნაწილს ქვეყნის გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა განაპირობებს, თუმცა საქართველოში არ არსებობენ კვალიფიკაციური კადრები, ვინც ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწესრიგებას შეძლებენ.

„ძალიან დიდი პრობლემაა შესაბამისი კადრების არარსებობა, ამიტომ სპეციალისტების დასავლური ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიყვანოთ და საქართველოში მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოხდეს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში კადრებთან ერთად, სათანადო ტექნოლოგიებიც არსებობდეს“, - აცხადებს შპს „გზაჯვარედინის“ დირექტორი, ნიკოლოზ გაბელაია.

ცნობისთვის: ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე 176 188 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც დაიღუპა 2 356, ხოლო დაშავდა/დასახიჩრდა 49 725 ადამიანი.