მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალგაზრდებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა დასაქმებაა - კვლევის შედეგები

61c0c54391644
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 22:35
534
ყველაზე სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდებისთვის, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებაა. ამის შესახებ ახალგაზრდობის სააგენტოს კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების გამოწვევებსა და საჭიროებებს ეხება.

კვლევის მიხედვით, შესაბამის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, დასაქმებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად ყველა რეგიონში შესაბამისი სანაცნობო წრეც იკვეთება. აღნიშნულზე, ათიდან, სულ მცირე, ერთი ახალგაზრდა მაინც მიანიშნებს (აჭარა - 19%, მცხეთა-მთიანეთი - 13%, სამცხე-ჯავახეთი - 14%, ქვემო ქართლი - 15%);

„კვლევის შედეგების მიხედვითაც, ყველა საკვლევ რეგიონში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის სწორედ დასაქმებაა განსაკუთრებული პრობლემა და ასაკის მატებასთან ერთად, ამ საკითხის პრობლემურობის შეფასებაც იზრდება. დასაქმებისთვის ხელშემწყობად, გარდა სამუშაო ადგილების არსებობისა, ყველგან პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-დახვეწაში მხარდაჭერაა მიჩნეული არსებითად. მიუხედავად ამისა, ყველა რეგიონში ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მათი განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაცულია; ამ უფლების შეზღუდვაზე/ნაწილობრივ დაცულობაზე ახალგაზრდებმა მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში გაამახვილეს ყურადღება.

გარდა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში მხარდაჭერისა, ახალგაზრდები თვლიან, რომ დასაქმების ხელშესაწყობად აუცილებელია სტაჟირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობის მექანიზმებზე მუშაობის დაწყება მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ. კიდევ ერთი რამ, რაც ასევე არსებითია დასაქმების ხელშეწყობისთვის, უცხო ენებს უკავშირდება. კერძოდ, ყველა რეგიონში მნიშვნელოვნად ჩაითვალა ინგლისური ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების უზრუნველყოფა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული აქტუალურია არა მთლიანად რეგიონებისთვის, არამედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, რამდენადაც ქართული ენის შესწავლა/დახვეწაში მხარდაჭერა საერთოდ არ არის აქტუალური ახალგაზრდებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში (2%), ნაკლებად აქტუალურია ახალგაზრდებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (11%), გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის კი მნიშვნელოვანია (28%)“, - აღნიშნულია კვლევაში.