23.ოქტომბერი .2020 19:00

საქართველოში ბანკომატიდან საშუალოდ 289 ლარი გამოაქვთ

საქართველოში ბანკომატიდან საშუალოდ 289 ლარი გამოაქვთ
views 1046
უკან

რა თანხა გამოგაქვთ ბანკომატიდან? - სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე ხშირად ბანკომატებით 289 ლარის ღირებულების ოპერაციები სრულდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში არსებული 2,658 ბანკომატის მეშვეობით, ჯამში, 7.5 მილიონი ტრანზაქცია შესრულდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთი ბანკომატით თვეში საშუალოდ 2,800 ოპერაცია ანუ დღეში 94 ტრანზაქცია სრულდება.

სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში ბანკომატებით ქართული საბანკო ბარათების მეშვეობით 2.16 მილიარდი ლარის ღირებულების ტრანზაქციები შესრულდა; წინა თვესთან შედარებით ეს თანხა 248 მილიონი ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყოველწლიურად ბანკომატების დატვირთვის პიკი დეკემბერზე მოდის. ამავე თვეში ბანკომატით გამოტანილი თანხის მოცულობა წლის სხვა თვეებთან შედარებით ყოველთვის უფრო მეტია. დეკემბერში დატვირთვის ზრდის მიზეზი საახალწლო ხარჯებია. 

რაც შეეხება პოს-ტერმინალებს, მათი რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში 71 ათასი ტერმინალი არის მოქმედი, ეს ერთი წლის წინ არსებულთან შედარებით 14 ათასი ტერმინალით მეტია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ბანკომატებით პოს-ტერმინალებთან შედარებით ორჯერ მეტი თანხის ოპერაცია სრულდება, თუმცა ტერმინალების ოპერაციების რაოდენობა ბანკომატების ოპერაციებს რამდენჯერმე აჭარბებს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმადვე, 2020 წლის სექტემბერში პოს-ტერმინალების მეშვეობით 962 მილიონი ლარის ღირებულების 28 მილიონი ერთეული ოპერაცია შესრულდა. შესაბამისად, ტერმინალის ერთი საშუალო გადახდის ღირებულება 34 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის თანახმად, მას შემდეგ რაც პოს-ტერმინალების გავრცელება გაიზარდა, მათი მეშვეობით განხორციელებული გადახდების საშუალო მოცულობა შემცირდა.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა