მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ბევრ სასტუმროს გაუჭირდება" - მენეჯმენტ კომპანიის პროგნოზი

5e51a38210bb6
მარიამ ადამია
23.02.20 12:00
10873
„საქართველოში ბევრ სასტუმროს გაუჭირდება, როგორც - ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს, თუმცა ეს გარდაუვალი პროცესია“, - ამის შესახებ კომპანია “ქორდიალ ჰოსფითალითის" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გულედანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ტურისტების განთავსების საშუალებების ბაზრის შეფასებისას განაცხადა.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, განთავსების საშუალებები საქართველოში გაორმაგდა, გაიზარდა როგორც სასტუმროების, ასევე ჰოსტელების, მცირე საოჯახო სასტუმროების და ბინების რაოდენობა, რომელიც ქირავდება Airbnb-ზე. შესაბამისად, ეს ერთად ქმნის უკვე ძალიან დიდ მასას. ასე რომ კითხვაზე, თუ რატომ მცირდება განთავსების საშუალებებში დატვირთულობის მაჩვენებელი და რატომ იაფდება სასტუმროების ფასი, პასუხიც ცხადია - ბაზარი გაჯერდა და ეს ბუნებრივი პროცესია,“ - ამბობს თამარ გულედანი.

მისი თქმით, „როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ მთელი ძალა და რეკლამა მივმართოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისკენ და არა რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულებისკენ“.

„ეს უნდა მოხდეს საქართველოს ტურიზმის მსოფლიოში გატანით; უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა სეგმენტზე და ტურისტებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისი,“ - აღნიშნა თამარ გულედანმა.
მისივე თქმით, არსებობენ ქვეყნები, საიდანაც ტურისტების ნაკადის გაზრდა ფასსაც, ხარისხსაც, კულტურასაც და სერვისის მიწოდებასაც გააუმჯობესებს, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.

„მაგალითად, თუ იწყებ მუშაობას ნორვეგიასთან ან შვედეთთან, საიდანაც მაღალგადამხდელუნარიანი და მომთხოვნი ტურისტები მოდიან, მათ თავი უნდა ვაგრძნობინოთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ნებისმიერ სასტუმროში“, - ამბობს გულედანი.

რაც შეეხება კონკურენციას სასტუმროებსა და Airbnb-ის ბინებს შორის, გულედანი ამბობს, რომ თუკი საუბარია ბიუჯეტურ ტურისტზე, ვისთვისაც 2 დოლარის სხვაობაც მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში Airbnb-სა და სასტუმროებს შორის არჩევანი ყოველთვის Airbnb-ზე ჩერდება.

„ამიტომ, ჩვენ, სასტუმროებმა ტურისტს უნდა შევთავაზოთ ის სერვისები, რომლებსაც ბინაში ვერ მიიღებენ; იქნება ეს უკეთესი საკვები, კომფორტი თუ დამატებითი სერვისები,“ - აღნიშნა “ქორდიალ ჰოსფითალითის" აღმასრულებელიმა დირექტორმა თამარ გულედანმა.